21 დეკემბერი 2024,   21:12
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" კიდევ ერთმა ვეტერანმა წევრმა დატოვა - ნუგზარ წიკლაურ პარტიაში არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს

"ნაციონალურ მოძრაობასთან", პოლიტიკური გაყრა, კიდევ ერთმა ვეტერანმა წევრმა გააფორმა. ნუგზარ წიკლაურმა გადაწყვეტილების მიზეზებზე ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში ისაუბრა. თქვა, რომ პარტია, "კვიპროსის კლუბმა" ბოლშევიზაციის გზაზე დააყენა, რაც მისთვის მიუღებელია.

ბოლო ორ კვირაში, "ნაციონალური მოძრაობა" 1000-ზე მეტმა წევრმა, ერთი მიზეზით დატოვა. მელიას ბანაკში გადასულები ამბობენ, რომ მათთვის წითელი ხაზი, განსხვავებული აზრის დევნა, კეზერაშვილ-მერაბიშვილის არაფორმალური მმართველობა და ხაბეიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აღმოჩნდა. ყოფილი თავმჯდომარის გუნდი დარწმუნებულია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" კიდევ ბევრი თანამებრძოლი დატოვებს.

პარტიაში კეზერაშვილ-მერაბიშვილის გავლენებზე საუბარი არ სურთ, თუმცა ყოფილი წევრების გუნდიდან წასვლას, პოლიტიკურ დემარშს უწოდებენ მოქმედ მენეჯმენტში. ხაბეიშვილის ფლანგი ირწმუნება, რომ მელიას მის თანამოაზრეებთან ერთად, ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა სურს, რაც მათი თქმით არა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის", არამედ მთელი ოპოზიციის ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა", პარტიაში შექმნილი კრიზისის ფონზე, სათადარიგო გეგმაზე გადადის- მიზანი ახალი და ალტერნატიული პოლიტიკური ძალის შექმნაა, რომელმაც, ოპოზიციის გეგმის თანახმად, 5%-იანი ბარიერის გადალახვა უნდა შეძლოს. უმრავლესობის ლიდერები დარწმუნებული არიან, რომ ეს მცდელობაც წარუმატებელი იქნება.

10 თვიანი დაპირისპირების შედეგად, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ასობით წევრთან ერთად, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სტატუსიც დაკარგა.

დღის ამბები