14 ნოემბერი 2024,   22:21
ვრცლად
OECD-ის 2024 წლის მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექის მიხედვით, საქართველო რეიტინგის 12 მიმართულებიდან 11-ში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, პირველ პოზიციას იკავებს

ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია 2024 წლის მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსს აქვეყნებს. მონაცემების მიხედვით, საქართველო რეიტინგის 12 მიმართულებიდან 11-ში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, პირველ პოზიციას იკავებს.

კვლევის პრეზენტაცია საფრანგეთის ქალაქ პარიზში ევრაზიის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. OECD "მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსის" შეფასებას ოთხ წელიწადში ერთხელ ახორციელებს და ქვეყნებს 5 სფეროს მიხედვით აფასებს. ესენია - პასუხისმგებლობიანი მთავრობა, სამეწარმეო ადამიანური კაპიტალი, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ბაზარზე წვდომა, ინოვაციები და ბიზნესის ხელშეწყობა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, ეს ანგარიში კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ეკონომიკის მიმართულებით  მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები  ძალიან ეფექტურია. 

"ეს არის კიდევ ერთი ევროპული დასტური იმისა, რომ ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილშიც საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ერთ-ერთი მოწინავე  ქვეყანა და ის ეკონომიკური რეფორმები, რასაც სახელმწიფო ახორციელებს, არის თანმიმდევრული, ეფექტიანი, არის ინკლუზიური, მიმართულია სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე ქვეყანაში და არც მთავარია შეესაბამება ძალიან მაღალ ევროპულ სტანდარტებს", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა. 
 
OECD- ის გლობალური ურთიერთობისა და თანამშრომლობის ევრაზიის მიმართულების ხელმძღვანელის უილიამ ტომპსონის განცხადებით, ის უზარმაზარი წარმატება, რომელსაც საქართველომ მიაღწია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სახელმწიფო უწყებების მიერ წარმოებული თანმიმდევრული პოლიტიკითაა განპირობებული.

"შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველო ისევ ლიდერია სიაში, რაც რამდენიმე წელია გრძელდება. 2020 წლის შემდეგ სახეზეა რიგი გაუმჯობესება. ვფიქრობ, ის უზარმაზარი წარმატება, რომელსაც საქართველომ მიაღწია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, განპირობებულია სახელმწიფო უწყებების მიერ წარმოებული თანმიმდევრული პოლიტიკით. კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ საქართველო, ერთი კომპონენტის გარდა ყველა მიმართულებით ლიდერია და ეს უპირველესი პრიორიტეტია. მეორე პრიორიტეტია დიგიტალიზაცია და საქართველო ამ თვალსაზრისით მრავალი მიმართულებითაა წარმატებული. მცირე და საშუალო მეწარმეების გაძლიერება უნდა დარჩეს მთავრობის პოლიტიკის მთავარი მიმართულება. რა თქმა უნდა, 2015 წლის შემდეგ ჩვენ მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ვხედავთ და წარმადობის საშუალო მაჩვენებელი 23%-ითაა გაზრდილი, თუმცა კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი წარმოების კიდევ უფრო გასაფართოებლად", - განაცხადა უილიამ ტომპსონმა.  
დღის ამბები