05 ივლისი 2024,   23:54
ვრცლად
"საქართველო იმსახურებს დღეს ჩვენს მხარდაჭერას" - რა ითქვა ბრიუსელში სამიტამდე და როგორია მოლოდინი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით

ბრიუსელში ისტორიულ სამიტამდე, ჟურნალისტებთან განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა.

რა ითქვა სამიტამდე და როგორია მოლოდინი - 27 წევრი ქვეყნის რამდენიმე ლიდერის განცხადებებით, საქართველსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოლოდინი პოზიტიურია. მათი თქმით, რეფორმების შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა.

"ჩემმა მეგობრებმა საქართველოდან მართლაც ბევრი გააკეთეს რეფორმების გასატარებლად. დიახ, ყოველთვის არის რაღაც საკითხები, რომელთა განხილვაც შესაძლებელია მომავალში, მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ვითარება, სადაც შეგვიძლია გადაწყვეტილებების მიღება. გადაწყვეტილებები არა მარტო უკრაინასთან, მოლდოვასთან, არამედ საქართველოსთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით, ჩემთვის ძალიან მარტივი კითხვა-პასუხია. ჩემმა ქვეყანამ დიდი სარგებელი მიიღო ევროკავშირში გაწევრიანებით. თუ ჩვენ ვსაუბრობთ გადაწყვეტილებაზე, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, არა უნგრეთში რეფორმების განხორციელება, არამედ უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, ეს არის გადამწყვეტი ფაქტორები," - განაცხადა ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.

"გაფართოების საკითხზე ხანგრძლივი დისკუსიები გვექნება. ჩვენ ყველა ქვეყანას განვიხილავთ, როგორც ცალკე, ისე ერთადაც. ყველა სახის წინადადებაა მოლაპარაკების მაგიდაზე. ჩვენ უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას. ყველაზე დიდი პრობლემა ამ შემთხვევაში არის უკრაინა მოლდოვაზე," - აღნიშნა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა.

ამასთან, როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტმა აღნიშნა, გაფართოება მნიშვნელოვანია და ეს ძალიან მომგებიანი იქნება როგორც ორგანიზაციისთვის, ასევე, იმ ქვეყნებისთვის, რომელთან ევროკავშირის წევრობა სურთ.

"შეთანხმება ყოველთვის შესაძლებელია. გაფართოებასთან დაკავშირებით ძალიან ნათელია, რომ ეს არის ორმხრივად მომგებიანი სიტუაცია. უკრაინას უნდა მიეცეს მორალური, პოლიტიკური, ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც ის იმსახურებს და ეს ჩვენი საკუთარი უსაფრთხოებისთვისაც საჭიროა. იგივე ეხება მოლდოვას, საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას,"- აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ.

გარდა ამისა, როგორც ფინეთისა და ბულგარეთის ლიდერებმა აღნიშნეს, ისინი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ.

"ფინეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ჩვენ გვჭირდება მტკიცე გადაწყვეტილებები, უნდა ვაჩვენოთ, რომ ერთიანი ვართ. ჩვენ გვჭირდება მკაფიო გზავნილი ყველა სახელმწიფოსთვის, რომელთაც სურთ ევროკავშირის წევრობა, რომ ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის და ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე. მინდა, ვთქვა, რომ რუსეთის საფრთხე რეალურია," - განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ.

"ბულგარეთი, რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას. ვფიქრობ, რომ საქართველო იმსახურებს დღეს ჩვენს მხარდაჭერას. მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ. ვნახოთ, რა შედეგები იქნება," - აღნიშნა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი დენკოვიმ.

ცნობისთვის, ისტორიული სამიტი რამდენიმე წუთია დაიწყო. 27 ქვეყნის ლიდერმა საქართველოს და კიდევ სამი ქვეყნის მომავალი უნდა განსაზღვროს. დღეს ან ხვალ გაირკვევა, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. საქართველოსთან ერთად ბრიუსელის გზავნილს ელოდება უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა.

დღის ამბები