16 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
ეს არის მანდატი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ეს ჩვენი ხალხის დიდი გამარჯვებაა - ილია დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ქართველ ხალხს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას კიდევ ერთხელ ულოცავს. მისი შეფასებით, ეს არის მანდატი იმისა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

"მინდა მივულოცო ჩვენს ხალხს ეს ისტორიული დღე, ეს გამარჯვება, რომელიც დღეს გაფორმდა ოფიციალურად. ევროპული საბჭოს ამ გადაწყვეტილებით, საქართველო შეუქცევადად დაადგა ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გზას. ეს არის მანდატი იმისა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება სრულფასოვანი წევრი ევროპული ოჯახის. ეს არის დიდი გამარჯვება ჩვენი ხალხის, ჩვენი ხელისუფლებისა და იმ დიდი ძალისხმევის, რომელიც ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში გავწიეთ. ჩვენ ველოდებოდით ერთადერთ სამართლიან და სწორ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო ევროპულმა საბჭომ, რადგანაც ამის უკან იდგა ძალიან დიდი შრომა და ძალისხმევა, რომელიც ჩვენ გავწიეთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად დაახლოებოდა ევროკავშირს და ეს გადაწყვეტილება არის დასტური და აღიარება იმ დიდი ძალისხმევის, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გაწია.

ჩვენ ვიღებთ მოლოცვებს ჩვენი პარტნიორებისგან. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო, რომლებმაც ჩვენთან ერთად ძალიან ბევრი იმუშავეს იმისთვის, რომ საქართველოს ეს დამსახურებული სტატუსი მიეღო. ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც ჩვენთან ერთად ზეიმობენ ამ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას," - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა "კურიერთან" საუბრისას.

დღის ამბები