08 ივნისი 2024,   16:39
ვრცლად
რთული დებატები და ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება - საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადაინაცვლეს

ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება, პირველმა, პრეზიდენტმა მიშელმა ამცნო ყველას. სასიხარულო ამბით მალევე დაურეკა ტრიოს ლიდერებს უკრაინაში, მოლდოვაში და რა თქმა უნდა, საქართველოში. ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრის შინაარსზე, სოციალურ ქსელში დაწერა - "მივულოცე ის ისტორიული კურსი, რომელიც ქვეყნებმა დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ აიღეს". ის, რომ გადაწყვეტილებას რთული დებატები უძღოდა წინ, ამაზე გუშინვე ღიად თქვა.

რთულს ამ დებატებს ვიქტორ ორბანი ხდიდა, რომელიც ბოლო წამამდე ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას. საქართველოსთან პრობლემები არ ჰქონია, პირიქით, თბილისის მიმართ ბუდაპეშტის მტკიცე მხარდაჭერა წინასწარ იყო ცნობილი. თუმცა, უკრაინაზე ჯიუტი პოზიციის გამო, არსებობდა რისკი, რომ ევროკომისიას კონსენსუსის არარსებობის გამო, ყველა ქვეყნის საკითხი უფრო ხელსაყრელი დროისთვის გადაედოთ. ასე არ მოხდა. გუშინდელ დღეს ანტიგმირი არ ჰყოლია. ორბანმა "კონსტრუქციული არყოფნის" მექანიზმი გამოიყენა, კენჭისყრას არ დაესწრო და კონსენსუსიც შედგა.

ამ გადაწყვეტილებას მალევე მოჰყვა მილოცვები იმ ევროპელი ლიდერების მხრიდან, რომლებიც ორბანის გადარწმუნებაში მონაწილეობდნენ და ეს წარმატებით გამოუვიდათ. მათ შორის იყო საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც, რომელმაც უკრაინას, საქართველოს, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცოგოვინას დაწინაურება მიულოცა. "თქვენ ევროპული ოჯახის შეუცვლელი ნაწილი ხართ და იმსახურებთ თავისუფალ და დემოკრატიულ ერებთან ცხოვრებას. ვამაყობ ამ ღამით" - ასე მოულოცა საქართველოს ლატვიის პრეზიდენტმა. "ისტორიული დღეა ყველა ჩვენგანისთვის"- წერს მისი მეზობელი ესტონეთის ლიდერი.

სასიხარულო განწყობა ჰქონდათ თავად ევროსტრუქტურების ლიდერებსაც. "დღეს ჩვენ ვდგამთ ისტორიულ ნაბიჯს უფრო ძლიერი ევროპული ოჯახისკენ. გადაწყვეტილება ადასტურებს ჩვენი პარტნიორების ერთგულებას ჩვენი საერთო ღირებულებებისა და ევროკავშირის რეფორმების მიმართ.""- წერს სოციალურ ქსელში ჟოზეფ ბორელი. "სტრატეგიული გადაწყვეტილება და დღე, რომელიც დარჩება ჩვენი კავშირის ისტორიაში. ვამაყობთ, რომ ვასრულებთ ჩვენს დანაპირებს და კმაყოფილი ვართ ჩვენი პარტნიორებით""- წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ვინც საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. “ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ადასტურებს ჩვენი პარტნიორების ერთგულებას ჩვენი საერთო ღირებულებებისა და ევროკავშირის რეფორმების მიმართ."" - ეს უკვე ევროპარლამენტის პრეზიდენტია. რობერტა მეცოლა, ევროპარლამენტის სახელით გაფართოებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

მოგვილოცეს ნატოდანაც - "ვულოცავ ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას! ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს" - წერს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა.

 
დღის ამბები