16 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
თბილისის საკრებულოში მერის ანგარიშის წარდგენა ხმაურის ფონზე წარიმართა - ერთმანეთს უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ

თბილისის საკრებულომ მერის ანგარიში მოისმინა. დაამტკიცეს მომავალი წლის ბიუჯეტი. სხდომა კამათის ფონზე წარიმართა. კახა კალაძემ საზოგადოებას საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება მიულოცა.

როგორც მან ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, გადაწყვეტილება იმ რეფორმების დამსახურებაა, რაც მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა გასწია. ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა ოპოზიცია, სადაც აცხადებენ, რომ ევროპის გზავნილი მხოლოდ ხალხის ნების პასუხია.

სხდომაზე თბილისის მერს, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლილე ლიპარტელიანმა მიმართა და მისი თქმით, კალაძისთვის არაფრის მომცემი, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა:

"ბატონო კახი, თქვენც გილოცავთ, თქვენთვის არაფრის მომცემ, თუმცა ჩვენთვის თავისუფლების, დემოკრატიის, მშვიდობის, უზრუნველი სიბერის და კორუფციისგან თავისუფალი გარემოს გარანტიის მიღებას", - განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა.

ლიპარტელიანის განცხადებას თბილისი მერმა უპასუხა და აღნიშნა, რომ მისი საქციელი სამარცხვინოა:

"ქალბატონო ლილე, როგორ ბრძანდებით? ძალიან დამძიმებულხართ ქალბატონო ლილე, უბრალოდ სამარცხვინოები ხართ. ის, რომ დღეს ჩვენმა ქვეყანამ სტატუსი მიიღო, ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება და იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო" ჰქვია, ეს არის რეალობა და მწარე სიმართლე".

სხდომაზე სიტყვით ისარგებლა "ლელოს" წევრმა საბა ბუაძემ, რომელმაც კორუფციულ გარიგებებზე გააკეთა აქცენტი.

"თქვენი დაპირების მიუხედავად, რომ ტვერელის ეკლესიასთან არაფერი არ ხდება და ამ კომპანიის მიერ აშენებულ კორპუსში, თქვენს მოადგილეს, ბატონ ბენდელიანს 175 დოლარად აქვს ვაკეში ნაყიდი", - მიმართა საბა ბუაძემ დედაქალაქის მერს.

ბუაძეს პასუხი თბილისი მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ გასცა და აღნიშნა, რომ თუ ოპოზიციის წევრები მის დეკლარაციას გაეცნობიან, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის სურვილი გაუნელდებათ.

"ცოტა უფრო მეტ დროს თუ დაუთმობთ ჩემს დეკლარაციას, იქ ატვირთულ სასესხო ხელშეკრულებებს, შემოსავლებს და ა.შ. უფრო ნაკლები სურვილი გაგიჩნდება, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანო. თქვენ სხვა კითხვებიც დასვით და გაგცემთ პასუხებს. ერთ-ერთ მონაცვლეობასთან დაკავშირებით იკითხეთ, რატომ არ აწერთ ხელსო. ჩემი გვარი კარგად დაიმახსოვრე და ტელევიზიებთან, ჩემზე სისულელეების ლაპარაკს მოეშვი. მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც შენგან ან შენისთანებისგან იმსახურებს ბრალდებებს. ერთი ფაქტი ხელში არ გიჭირავს, გამოდიხარ და სისულელეებს ლაპარაკობ", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

დღის ამბები