21 დეკემბერი 2024,   17:06
ვრცლად
აგრესიული შინაური ცხოველი და მძიმე მდგომარეობაში მყოფი 2 წლის ბავშვი - გურიაში მიტოვებული ძაღლი მცირეწლოვან ძმებს თავს დასხა. როგორია არასრულწლოვნების მდგომარეობა

გურია, სოფელი მერია - აქ მცირეწლოვან ძმებს ძაღლი თავს მაშინ დაესხა, როცა ბავშვები ეზოში თამაშობდნენ. ამ მძიმე სურათს რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს. მათ შორის - დედა, რომელიც აგრესიული ცხოველისგან შვილის დაცვას, თავად ცდილობდა.

უმცროსი ძმა 2 წლისა და 7 თვისაა. ბავშვს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. მცირეწლოვანი რეანიმობილით, ჯერ ქუთაისში შემდეგ კი, თბილისში გადაიყვანეს. ოპერაცია იაშვილის კლინიკაში ჩაუტარდა. ბავშვის მდგომარეობა ახლა სტაბილურია. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

აგრესიულმა შინაურმა ცხოველმა თავდაპირველად 5 წლის ბიჭი, ფეხის არეში, დაკბინა. რის შემდეგაც ოჯახმა ბავშვი ვაქცინაციისთვის კლინიკაში გადაიყვანა. უკვე დღეს ადგილობრივები "კურიერს" უყვებიან, რომ სახლში დაბრუნებულ მშობლებს მეორე შვილი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში დახვდათ.

ძაღლი, რომელმაც ორი ბავშვი დაკბინა ახლა თავშესაფარშია გადაყვანილი. სპეციალისტები შინაური ცხოველის მიერ გამოვლენილ აგრესიას ყოფილ მეპატრონეს უკავშირებენ. არ არის გამორიცხული, რომ ძაღლი წარსულში უკანონო ორთაბრძოლაში მონაწილეობისთვის გამოეყენებინათ.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მათ სოფელში ძაღლი ადამიანს თავს ესხმის. ამბობენ, რომ სოფლის შესასვლელთან უცხო ადამიანები ხშირად ტოვებენ შინაურ ცხოველებს. ძაღლების უმეტესობა ცხოველთა თავშესაფარში ხვდება.

დღის ამბები