06 ივლისი 2024,   01:07
ვრცლად
იძებნება მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, "გალფის" ბენზინგასამართ სადგურთან, ძაღლმა გაკაწრა, ძაღლს ცოფი დაუდასტურდა - სურსათის ეროვნული სააგენტო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ იძებნება მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული "გალფის" ბენზინგასამართ სადგურთან ძაღლმა გაკაწრა. ძაღლს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ცოფი დაუდასტურდა:

"ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული "გალფის" ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე, მკვდარ მიუსაფარ ძაღლს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ცოფი დაუდასტურდა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში შეტყობინება ძაღლის დაღუპვის შემდეგ, 18 დეკემბერს შემოვიდა. ცხოველის პათოლოგიური მასალა მყისიერად გადაიგზავნა ლაბორატორიაში და, რამდენიმე საათის წინ, ცნობილი გახდა კვლევის შედეგები.

შეტყობინების მიხედვით, შეტყობინების ავტორს არ აქვს მოზარდისა და მშობლების მაიდენტიფიცირებელი ან საკონტაქტო ინფორმაცია. არც ის არის ცნობილი, ჩაუტარდა თუ არა მოზარდს საჭირო ანტირაბიული ვაქცინაცია.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შემთხვევის შესახებ აცნობა ყველა შესაბამის უწყებას. ამავდროულად, სააგენტო მოზარდის მშობლებს ბავშვის დაუყოვნებლივ ვაქცინაციისა და გამოხმაურებისკენ მოუწოდებს,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები