მიხარია, რომ ჯანზეა, სუპერ პაკ-ზე ფიქრობს და ხელმოცარულებს გაერთიანების შესახებ მიმართავს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
ამასთან, ზარქუას თქმით, ქართველ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება უფრო გაუმარტივდება.
"ჯიგარი ჯანზეა და მადლობა "ვივამედს," რადგან გამოაჯანმრთელეს ისე, რომ პოლიტიკაზე ფიქრობს, ამ ხელმოცარულებს სტრატეგიასა და სუპერ პაკ-ს უმუშავებს. მივესალმები, მოვუწოდებ, რომ ყურად იღონ მათი ბელადის დაკვეთა და ეს "ლუზერები" გაერთიანდნენ.
უპირველეს ყოვლისა, ქართველი ამომრჩევლის ინტერესშია ორ ბანაკად დაყოფა, სადაც იქნება "ქართული ოცნება," ხოლო იქეთ – გაერთიანება სუპერ პაკ-ი. გაერთიანდით სუპერ პაკ-ში, ბელადის დაკვეთაა – გაერთიანდით, შემოდით სუპერ პაკ-ში, ბიჭებო – ჭიჭე, ხაბე, დანარჩენები, ხოშტარა და გიჟი ჯაფარა, მიაწექით სუპერ პაკ-ს,", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტის შექმნას სთავაზობს. "ოპოზიციას ვთავაზობ, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი," - განაცხადა სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას.