05 ივლისი 2024,   22:23
ვრცლად
"ამ ტრაგედიის შემდეგ, საზოგადოება ფიქრობს, რომ იარაღის ლეგალიზება უნდა შეიზღუდოს" - რას ამბობენ "კურიერთან" პრაღაში მყოფი ქართველები

ჩეხეთის პოლიცია სასტიკი თავდასხმის მოტის დასადგენად მუშაობს. სამართალდამცველებისთვის უცნობია, რა გახდა დანაშაულის ჩადენის მიზეზი. ერთადერთი, რასაც ამ დროისთვის გადაჭრით ამბობენ არის ის, რომ მომხდარს საერთაშორისო ტერორიზმთან კავშირი არ აქვს.

ჩეხეთში, 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. თავდამსხმელი, რომელიც პოლიციამ მოკლა, იდენტიფიცირებულია. ის 24 წლის სტუდენტი იყო. კარლის უნივერსიტეტის შენობაში, სამართალდამცველებმა იარაღის დიდი არსენალი აღმოაჩინეს. "კურიერმა" პრაღაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ჩაწერა- ისინი ამბობენ, რომ ქალაქში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

"უშუალოდ ეპიცენტრი ამ წუთებშიც შემოსაზღვრულია პოლიციის მიერ, რადგან შიგნით საგამოძიებო მუშაობა მიმდინარეობს. წუხელ, პოლიციის ცნობით, იქ რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა იპოვეს.

ეს კორპუსი, შენობა ძალიან კარგად ვიცი, იქ რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. არსებობს დაცვა, მაგრამ მას ევალება მხოლოდ გასაღების მიწოდება პროფესორებისათვის, აუდიტორიაში შეშვება და ა.შ. მე რამდენჯერმე შევსულვარ და არავის არ უკითხავს, სად მიდიხართო. მითუმეტეს, ის სტუდენტი იყო, საშვი ჰქონდა ამ სასწავლებლის. არავითარი მეტალო დეტექტორები და სხვა დამატებითი საშუალებები იქ არ არის და მან, როგორც ჩანს, რამდენიმე იარაღი შეიტანა და ეს იარაღი მას ლეგალურად ჰქონდა რეგისტრირებული, გამომდინარე საკონსტიტუციო ცვლილებიდან, რომელმაც დააკანონა ჩეხეთში იარაღის რეგისტრაცია.

რა თქმა უნდა, ამის შესახებ არათუ ქვეყნის შიგნით იყო კამათი, არამედ თავის დროზე ევროკავშირიც მოუწოდებდა, რომ ამ სახით ეს არ მომხდარიყო. ახლაც, ამ ტრაგედიის შემდეგ, საზოგადოება ფიქრობს, რომ იარაღის ლეგალიზება უნდა შეიზღუდოს,"- აცხადებს "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე.

"უნივერსიტეტი არის ტურისტულ ადგილას, ქალაქის ცენტრში, ძალიან ბევრი ტურისტული კაფე და მაღაზიაა მის გარშემო. როდესაც ეს ფაქტი მოხდა, ამ ტერიტორიაზე ხალხი თავქუდმოგლეჯილი გარბოდა, იყო ძალიან ბევრი პოლიციის მანქანა, სახანძროები და ქალაქში იყო სრული პანიკა,"-აცხადებს თათა ყულჯანიშვილი.

"უნივერსიტეტში ვასწავლი და რომ გამოვედი უნივერსიტეტიდან, მოკლე ტექსტური შეტყობინებები მომივიდა ძალიან ბევრი, 5 წუთის განმავლობაში 15-20 მესიჯი იყო ტელეფონში და რომ ვნახე, ყველა მწერდა მომხდარის შესახებ. ფაქტი, როგორც ამბობენ, მოხდა 4-დან 5 საათამდე, 15 წუთის განმავლობაში. ამ პერიოდში, ყოველწუთიერად მოდიოდა ინფორმაცია. მეგობრებს, ქართველებს, რომლებიც პრაღაში ვცხოვრობთ, გვქონდა მიმოწერა, ვეძებდით ერთმანეთს და, საბედნიეროდ, არავინ არ მოხვდა იმ კონკრეტულ ადგილას,"-აცხადებს ლაშა ნავერიანი.

შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული თავდასხმა პრაღის უნივერსიტეტზე გუშინ, 21 დეკემბერს მოხდა. ამ დროისთვის, დაღუპულია 14 ადამიანი, ხოლო დაჭრილი - 25. მათგან 10-ის მდგომარეობა მძიმეა.

 

დღის ამბები