11 ოქტომბერი 2024,   23:06
ვრცლად
თბილისში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეძენილი რძის პროდუქტი შემოწმდა - როგორია სპეციალისტების რეკომენდაციები

წინასაახალწლოდ ბაზარში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა, მოქალაქეები პროდუქტებს სადღესასწაულო სუფრისთვის ყიდულობენ. ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი ყველია, რომელიც სხვადასხვა სახეობის, ბრენდის თუ ფასის, ყველგან იყიდება - მაღაზიებშიც და აგრარულ ბაზრებშიც. Momxmarebeli.ge-მ წინასაახალწლოდ სწორედ ამ პროდუქტის შემოწმება გადაწყვიტა.

ლაბორატორიული კვლევის მიხედვით, რძის პროდუქტებში მცენარეული ცხიმები გამოვლინდა. დარღვევა არა მხოლოდ შემოწმებულ ყველში, კარაქში და არაჟანშიც აღმოჩნდა. ეს რძის პროდუქტების ფალსიფიკაციას ნიშნავს, მომხმარებელი კი ასეთი პროდუქტისგან, უკეთეს შემთხვევაში უსარგებლო და უარეს შემთხვევაში საშიშ ტრანსცხიმებს იღებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის შედეგები ახლა ლაბორატორიულად სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უნდა გადაამოწმოს, არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები დააჯარიმოს და არასათანადოდ მომზადებული პროდუქცია რეალიზაციიდან ამოიღოს. უწყება წინასაახალწლოდ მომხმარებლისთვის რისკ-პროდუქტების შეძენასთან დაკავშირებით სპეციალურ რეკომენდაციებს ავრცელებს.

სპეციალისტები მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ უკვე მომზადებული კერძების შენახვა-გამოყენების კუთხითაც. რეკომენდაციაა - დიდხანს არ შევინახოთ საკვები, მზა კერძი აღარ მივირთვათ მომზადებიდან 72 საათის შემდეგ, ხორცპროდუქტის შემთხვევაში 36 საათის შემდეგ, სალათების შემთხვევაში კი 12 საათის შემდეგ. ასევე, არ მოვამზადოთ დიდი რაოდენობა, რომ არ მოგვიწიოს მათი გადაყრა.

ამ რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში თავს იჩენს კვებითი ინტოქსიკაცია. საახალწლო პერიოდში მოწამვლის სიმპტომებით სტაციონარში მიმართვიანობა მნიშვნელოვნად იზრდება.

ახალი წელი საქართველოში, გარდა სადღესასწაულო განწყობისა, გემრიელ და მთელი წლის მონატრებულ კერძებთან ასოცირდება. იმისთვის, რომ დღესასწაული დღესასწაულად დარჩეს, მომხმარებელს საკვებ პროდუქტებთან მიმართებით სიფრთხილის გამოჩენა მართებს. 

დღის ამბები