06 ივლისი 2024,   01:51
ვრცლად
ძლიერი თოვა, წვიმა ქარბუქი, ნისლი - რა პრობლემები შექმნა საქართველოში უამინდობამ და როდის გამოიდარებს ქვეყანაში

საქართველო ისევ სტიქიას ებრძვის. დიდთოვლობა, ქარი და ქარბუქი, ნისლი, წვიმა, შტორმი ზღვაზე, ზვავ საშიშროება მთაში, ლიპ ყინული გზებზე - სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა სტიქიაა. "კურიერის" ინფორმაციით, ზვავის ჩამოწოლის შედეგად, მაშველები მყინვარწვერზე ერთ-ერთ მთამსვლელს ეძებენ.

ბოლო კონტაქტი მასთან მეტეოსადგურის ქვემოთ 3 200 მეტრ სიმაღლეზე იყო. უკვე მეორე დღეა მოძრაობა შეფერხებულია საავტომობილო მაგისტრალებზე. ცალკეულ მონაკვეთებზე დღეს პარალიზებული იყო რკინიგზაც.

უამინდობამ ელექტროსადენების დაზიანება და ქვესადგურების გათიშვა გამოიწვია. მაღალ მთაში არის ადგილები, სადაც სოფლები გარესამყაროს არის მოწყვეტილი.

მხოლოდ ბათუმში ქარმა 40-ზე მეტი ხე მოგლიჯა. დაზიანებულია ავტომანქანები, სახურავები, გარე განათების ბოძები.

სტიქიის შედეგებს ითვლიან კახეთშიც, სადაც ასევე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. რთული ვითარებაა სამეგრელოსა და იმერეთში, სადაც ათასობით აბონენტი, ამ დრომდე, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. რთულია ვითარება სამცხე ჯავახეთშიც:

თოვლის საფარი იქ უკვე მეტრს აღწევს. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. 24-საათიან რეჟიმში მუშაობს სპეცტექნიკაც.

ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მეწყრული პროცესებიც გამოიწვიოს. რთული მეტეოროლოგიური პირობები საქართველოში ხვალ დღის ბოლომდე შენარჩუნდება.

დიდთოვლობის გამო, ჩაკეტილია ლარსის გამშვები პუნქტი. მოძრაობა აკრძალულია კობი-გუდაურის მონაკვეთზეც. თუმცა გუდაურში ასვლაც გართულებულია. "კურიერის" გადამღები ჯგუფი ახლა ფასანაურთან იმყოფება. ბოლო 10 წელია, ადიგენში მსგავსი ნალექი არ ახსოვთ. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ, ორი დღეა, გადაუღებლად თოვს და თოვლის საფარმა 70 სანტიმეტრს მიაღწია.

გადაუღებელმა თოვამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პრობლემები, ძირითადად, ცენტრალურ გზებზე შექმნა. პერიოდულად, იზღუდება სამანქანო მოძრაობა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტისთვის. ბოლო მონაცემებით, ამ დრომდე აკრძალულია გადაადგილება წალკის მიმართულებით. ინტენსიური თოვის გარდა, აქ ცუდი ხილვადობაა. სპეცტექნიკაა მობილიზებული და ტექნიკური მარილი იყრება ახალციხის ცენტრალურ გზებზეც.

ორი დღეა, თოვს დასავლეთ საქართველოშიც. უხვმა ნალექმა 11 მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა. იმ მონაკვეთებზე, სადაც ავტომობილით და ფეხით გადაადგილება ჭირს, მძიმე ტექნიკა უწყვეტად მუშაობს. თოვლის საფარისგან უკვე გაწმენდილია 112 ლოკაცია. ეტაპობრივად იწმინდება ცენტრალური და შიდა გზები. იმერეთის 50 სოფელში თოვლის საფარიმა 1 მეტრს მიაღწია და ადმინისტრაციულ ცენტრს მოწყვიტა. კავშირის აღდგენისთვის, ამ დრომდე, მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა ინტენსიურად მუშაობს.

თბილისის-ზუგდიდის მიმართულებით მოძრავმა სამგზავრო მატარებელმა დანიშნულების ადგილამდე დროულად მისვლა ვერ შეძლო. მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობები გახდა. სარკინიგზო გზებზე შექმნილ ვითარებაზე დღის ბოლოს საქართველოს რკინიგზამ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა. ბოლო ინფორმაციით, ყველა რეისმა მოძრაობა გაახლა.

დიდთოვლობაა მაღალმთიან აჭარაშიც. ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოფლებში თოვლის საფარი მაღალია და გაწმენდითი სამუშაოები ახლაც გრძელდება. საავტომობილო გზებზე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული. დაწყებულია ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდა.

სტიქიის შედეგების დათვალა უკვე დაწყებულია ბათუმშიც. ძლიერმა ქარმა ქალაქში, საგზაო ინფრასტრუქტურა, შენობების სახურავები და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა

თოვა დღეს შეწყდა, თუმცა უხვი ნალექისგან გამოწვეულ შედეგებს ებრძვიან სამეგრელოს რეგიონში. განსაკუთრებით რთული იყო ვითარება წალენჯიხაში, სადაც ნალექს თან ახლდა ძლიერი ქარიც. მთელი ღამის განმავლობაში, გზები მოგლეჯილი ხეებისგან იწმინდებოდა, იყრებოდა ტექნიკური მარილი. სტიქიამ ადგილობრივებს ელექტროენერგიის მიწოდებაზე პრობლემებიც შეუქმნა. აღდგენითის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

სტიქიის შედეგებს ებრძვიან კახეთის რეგიონში. ყვარელში უკვე დაიწყეს ზარალის დათვლა. ძლიერმა ქარმა 50 საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა და დააზიანა ინფრასტრუქტურა. ამ დრომდე შეზღუდვებია გომბორის უღელტეხილზე. დაბალი ტემპერატურის გამო, უღელტეხილზე გზები მოყინულია. ადგილზე ამ დრომდე მუშაობს სპეცტექნიკა. უსაფრთხოების მიზნით, მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ.

ძლიერმა წვიმამ და ქარმა პრობლემები შექმნა ოკუპირებულ აფხაზეთში. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, დენი არ მიეწოდება რამდენიმე ათას აბონენტს. დაზიანებულია შენობები. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა საკურორტო ზონებში, სადაც ამ დრომდე შტორმია.

ნალექი და ცუდი ამინდები კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. სინოპტიკოსები მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებას დეკემბრის ბოლოს პროგნოზირებენ.

დღის ამბები