06 ივლისი 2024,   01:15
ვრცლად
აწყურის ღვთისმშობლის ხატი, ხახულის კარედი, ანჩისხატი, დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი და ბედიის ბარძიმი - ეროვნულ მუზეუმში ქრისტიანული საგანძურის დარბაზი გაიხსნა

აწყურის ღვთისმშობლის ხატი, ხახულის კარედი, ანჩისხატი, დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი და ბედიის ბარძიმი, - ამ ნიმუშების დათვალიერებას ეროვნული მუზეუმის სტუმრები ქრისტიანული ხელოვნების დარბაზში შეძლებენ.

თითოეული საგანძურის მნიშვნელობასა და ქართველი მეცნიერების როლზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მუზეუმში დაცული არტეფაქტები ადასტურებენ საქართველოში ქრისტიანული ხელოვნების ტრადიციების უწყვეტობასა და ევროპული განვითარების გზას.

ეროვნულ მუზეუმში ქრისტიანული საგანძურის დარბაზის გახსნა პატრიარქის აღსაყდრებიდან 46 წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიებას მეუფე შიო და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. მუზეუმში შეკრებილებს პატრიარქის თანამოსაყდრემ უწმინდესის მიმართვა გააცნო და, სიტყვით გამოსვლის დროს, აქცენტი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არსებულ თანამშრომლობაზე გააკეთა.

უნიკალური საეკლესიო საგანძურის ქართული ქრისტიანული კულტურისთვის და მომავალი თაობისთვის შენარჩუნება - ეს ის მთავარი მიზანია, რის გამოც თითოეული ნიმუში განსაკუთრებული ყურადღებისა და ზრუნვის ობიექტია. სწორედ ამიტომ, ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცე საგანგებოდ მომზადდა. მუზეუმის ინფრასტრუქტურა განახლდა, რაც ხელს შეუწყობს უნიკალური კოლექციების საერთაშორისო სტანდარტებით დაცვას, როგორც ფონდსაცავებში, ისე - საექსპოზიციო დარბაზებში.

ეროვნული მუზეუმში გახსნილი ქრისტიანული ხელოვნების დარბაზი ადგილობრივ და უცხოელ დამთვალიერებლებს ხვალიდან უმასპინძლებს. ექსპოზიციაში წარმოდგენილია ქართული ჭედური ხელოვნების გამორჩეული ნიმუშები IX საუკუნიდან XIX საუკუნის ჩათვლით.

დღის ამბები