16 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
ეს არ არის საჩუქარი, არამედ ეს არის თქვენი ხალხისა და თქვენი მთავრობის მიერ არაერთი თვის განმავლობაში გაწეული შრომის შედეგი - ოლივერ ვარჰეი კანდიდატის სტატუსზე

ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს ხალხისა და მთავრობის მიერ არაერთი თვის განმავლობაში გაწეული შრომის შედეგია.

მისი თქმით, 2024 წელი, საქართველოსთვის მორიგი გადამწყვეტი წელი იქნება.

"ნება მომეცით, მოგილოცოთ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით. ეს არ არის საჩუქარი, არამედ ესაა თქვენი, თქვენი ხალხისა და თქვენი მთავრობის მიერ არაერთი თვის განმავლობაში გაწეული შრომის შედეგი. თუმცა, ეს დიდი შრომა ევროკავშირისკენ წინსვლისთვის უნდა გაგრძელდეს. ჩვენი მხრიდან, ჩვენ გავაგრძელებთ ამ საოცარ გზაზე თქვენს დახმარებასა და ხელშეწყობას.

უკვე ამ დროისთვის ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი დონორია. ჩვენ ჩვენი ყოველწლიური პროგრამებით გამოვყოფთ 100 მილიონ ევრომდე, რათა საქართველო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს. მომდევნო კვირებსა და თვეებში, ფოკუსი გაიზრდება ევროკავშირის კანონმდებლობასთან ქვეყნის შესაბამისობაზე. უფრო მეტიც, ჩვენს გვსურს, დავაჩქაროთ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმისა და მისი საფლაგმანო პროექტების ამოქმედება.

გეგმის ფარგლებში, ჩვენ უკვე მოვახდინეთ 1,8 მილიარდი ევროს მობილიზება სესხების, გარანტიების, გრანტებისა და საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით. აღნიშნული გეგმა მოიცავს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებს, ასევე 20 მილიონი ევროს საინვესტიციო გრანტს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელისთვის. ორივე მათგანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის კავშირების გასაძლიერებლად.

ევროკავშირი ბევრად მეტია, ვიდრე წარმატებული ეკონომიკური პარტნიორობა. ის ასევე წარმოადგენს მშვიდობის პროექტს, რომელიც ისე, როგორც არავინ იცავს დემოკრატიასა და თავისუფლებას. გვწამს, რომ თქვენ საკუთარ წვლილს შეიტანთ ამ პროექტში და იქნებით მისი ნაწილი.

2024 წელი იქნება მორიგი გადამწყვეტი წელი. თქვენი ქვეყანა ჩაატარებს არჩევნებს, და გეოპოლიტიკური გამოწვევებიც, სავარაუდოდ, არ იკლებს. ამავდროულად, საჭირო მონდომებითა და კომისიის გაფართოების ანგარიშში განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულებით, ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირის გზაზე საქართველოსთან მუშაობას. საქართველო ეკუთვნის ევროპულ ოჯახს", - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ევროკომისიის გაფართოების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის ხერტ იან კოპმანის განცხადებით, საქართველომ ნამდვილად დაიმსახურა ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევა ევროპულ გზაზე.

"ჩემთვის უდიდესი სიამოვნება და პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა მოგმართოთ ამ ყოველწლიურ ღონისძიებაზე. ამ სიამოვნებას აორმაგებს ევროპული საბჭოს მიერ, გასულ კვირას მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ამ ფაქტით, ძალიან გახარებულნი ვართ, და ჩვენი რეკომენდაციაც სწორედ ეს იყო, გასული წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებასთან შესანიშნავი თანამშრომლობიდან გამომდინარე.

თქვენ ნამდვილად დაიმსახურეთ ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევა ევროპულ გზაზე. ვფიქრობ, როგორც ელჩები, თქვენ საკვანძო როლს ასრულებთ არა მხოლოდ ინფორმაციის შეგროვებით დედაქალაქებში, სადაც მსახურობთ, არამედ ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ საქართველოს სწრაფვის გაზიარებაში, - რაც არა მხოლოდ თქვენი ხელისუფლების, არამედ ხალხის სურვილიცაა. ამ მხრივ, ახალი წელი უფრო მეტ შესაძლებლობას მოიტანს.

კანდიდატ ქვეყნად გახდომა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ ცხადია, თქვენ უფრო მეტი წინსვლა გსურთ. იმედი მაქვს, მომავალ წელს, თქვენ გექნებათ კავშირი პარტნიორებთან როგორც ადგილზე, ჩვენს დედაქალაქებში, ისე მათ ფარგლებს გარეთ, და მომავალში გადასადგმელ ნაბიჯებს სწორედ მათთან ერთად განიხილავთ", - განაცხადა ხერტ იან კომპანიმ.

დღის ამბები