05 ივლისი 2024,   23:52
ვრცლად
დიდთოვლობის გამო სატვირთო მანქანებში გათენებული ღამეები - 3-დღიანი უხვი ნალექი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება - სად არის შეფერხებული მოძრაობა

საქართველოში დიდთოვლობაა - უხვი ნალექს, ზვავსაშიშროებასა და ქარბუქს დაბალი ხილვადობაც ემატება. ამ მიზეზით, კობი-გუდაურის გზის 15-კილომეტრიან მონაკვეთზე, უკვე მესამე დღეა, გადაადგილება აკრძალულია. გაწმენდითი სამუშაოები შეფერხებებით, თუმცა მაინც მიმდინარეობს.

ინტენსიურად თოვს მაღალმთიან აჭარაშიც. ზოგიერთ წერტილში ნალექის სიმაღლემ ერთ მეტრს გადააჭარბა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. ამ დროისთვის ხულოში დენი ყველგან გათიშულია. ელექტროენერგია დღის ბოლომდე ეტაპობრივად უნდა აღდგეს.

უხვმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შექმნა სამეგრელოს რეგიონშიც. წალენჯიხაში წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტრომომარაგებისა და ინტერნეტის კაბელები. მუნიციპალიტეტის ნაწილი, მესამე დღეა, დენის გარეშეა დარჩენილი.

წალენჯიხის მსგავსად, ელექტროენერგიის პრობლემა დასავლეთ საქართველოს არაერთ მუნიციპალიტეტში შეიქმნა. დენი დაბა ხარაგაულის ნაწილსაც არ მიეწოდება. "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

ორდღიანი უხვი ნალექისა და გადაუღებელი თოვის გამო, გაწმენდითი სამუშაოებია დაწყებული სამცხე-ჯავახეთშიც. რეგიონის ორივე საზღვართან - თურქეთისა და სომხეთის მიმართულებით მიმოსვლა გახსნილია. რაც შეეხება წალკის მიმართულებას, გზები კვლავ გასაწმენდია. გადაადგილების შეზღუდვა კი, ისევ მოქმედებს.

თოვლმა პრობლემები შექმნა იმერეთშიც. ზვავსაშიშროების, ქარბუქის, დაბალი ხილვადობისა და ინტენსიური თოვის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ნაქერალას უღელტეხილზეც.

დღის ამბები