"ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობას "ნაციონალური მოძრაობა" და "ლელო" ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, 40 და 52 სართულიანი შენობები უსაფრთხოებისა და ეკოლოგიის კუთხით რისკის შემცველია.
ოპონენტებს პასუხობენ საკრებულოში. თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის, რევაზ სოხაძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში, ისტორიული შენობის შენარჩუნება მოხერხდება.
"ამ პროექტს ისტორიული საბჭო და დადებითი რეკომენდაცია აქვს, შესაბამისად, ამ პროექტის ფარგლებში, ისტორიული შენობის შენარჩუნება ხორციელდება. ეს, რა თქმა უნდა, არანაირი რისკის შემცველი არ არის. ამის ყველანაირი მასალა არსებობს და წარმოდგენილია თავისი დოკუმენტაცია. სხვა დოკუმენტაცია, დამატებით, წარმოდგენილი იქნება არქიტექტურული პროექტის შეთანხმების ეტაპზე. იმედი მაქვს, რომ ხვალ კომისია და საკრებულოს სხდომა ამ პროექტს დადებით რეკომენდაციას მისცემს", - განაცხადა რევაზ სოხაძემ.