06 ივლისი 2024,   01:59
ვრცლად
ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკი რუსეთის სარგებლობაში - გაგრძელდება თუ არა სოხუმში პროტესტი და რისკენ მოუწოდა თბილისმა საერთაშორისო თანამეგობრობას

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკი რუსეთის საკუთრება გახდა. კომპლექსის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და აკვატორიის მნიშვნელოვანი ნაწილი კი მოსკოვს 49 წლიანი იჯარით გადაეცა. გადასახადი სიმბოლურია - წელიწადში 1 რუბლი. დოკუმენტს, რომელსაც აფხაზეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აკრიტიკებს ხელი ე.წ პრეზიდენტმა უკვე მოაწერა. არაღიარებულმა პარლამენტმა ხელშეკრულების რატიფიცირება გვიან ღამით მოახდინა.

დოკუმენტს ე.წ დეპუტატები გარეთ მიმდინარე დემონსტრაციის ფონზე განიხილავდნენ. მოსახლეობის პროტესტმა საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენა ვერ მოახდინა. მაგრამ, ადგილობრივები ამბობენ, რომ არაღიარებულ მთავრობას პასუხს მოსთხოვენ.

რუსეთისთვის მიწის და მასზე არსებული ინფრასტრუქტურის გადაცემის საკითხი ოკუპირებუოლ ტერიტორიაზე რამდენიმე თვეა განიხილება. მოსახლეობის პროტესტის გამო, საკითხი არაერთხელ გადაიდო. რიგგარეშე სხდომას კი წინ უძღვოდა ოკუპირებულ აფხაზეთში ოკუპანტი ქვეყნის ელჩის მიერ გაკეთებული ორაზროვანი და მკაცრი განცხადება.

ბიჭვინთაში, მიწის ნაკვეთზე, რომელსაც უკვე წლებია რუსეთის სპეცსამსახურები აკონტროლებენ, სამი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო აგარაკი, #8, #9 და 10 მდებარეობს, არის დამხმარე ნაგებობებიც.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ინფრასტრუქტურის მიტაცებას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევად აფასებს ლევან იოსელიანი. ფაქტს გმობს და მცოცავი ოკუპაციის პოლიტიკის ნაწილად განიხილავს სალომე ზურაბიშვილი. საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ადგილობრივი მოსახლეობა მიწის დათმობას არ აპირებს და ბრძოლის გაგრძელებას ფართომასშტაბიანი აქციებით გეგმავს.

 

 

დღის ამბები