06 ივლისი 2024,   01:22
ვრცლად
ზესტაფონში, ლაგოდეხსა და ყვარელში საახალწლო ნაძვის ხეები საზეიმოდ აანთეს

ზესტაფონში წლის მთავარი საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელიც ცნობილი ქართველი მომღერლების კონცერტით დასრულდა. მათ მოსასმენად ყველა თაობის ადამიანი შეიკრიბა. სხვადასხვა გასართობი ღონისძიება ზესტაფონში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცენტრალურ მოედანზე გამართული იყო საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ტერიტორიაზე განთავსებული იყო ხის საახალწლო სახლები, ფოტოების გადასაღები სტენდები და ინსტალაციები. დღე ფეიერვერკით დასრულდა.

კახეთის რეგიონში საახალწლო ღონისძიებების მასპინძელი ერთდროულად რამდენიმე ქალაქი იყო. მათ შორის - ლაგოდეხიც. ქალაქის მთავარ მოედანზე დღის ბოლოს ჯგუფ "გორდელას" და "არა-ს" კონცერტი შედგა. სხვადასხვა კულტურული და გასართობი აქტივობა საგანგებოდ მოწყობილ ტერიტორიაზე დღის ორი საათიდან იმართებოდა. იყო მუსიკალური კარნავალი და თეატრალიზებული შოუ.

ხალისიანია განწყობა იყო ყვარელშიც. მთავარი ნაძვის ხე აქ ფეიერვერკის ფონზე აინთო. გაიმართა კონცერტი - მღეროდნენ ადგილობრივი შემსრულებლები. ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. წინასაახალწლო ჟრიამული ყვარელში გვიან ღამემდე გაგრძელდა. ყვარლის მუნიციპალიტეტს საახალწლო ილუმინაციები, მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, საჩუქრად გადაეცა.

ქვეყნის მასშტაბით საახალწლო ღონისძიებები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.

დღის ამბები