21 დეკემბერი 2024,   18:03
ვრცლად
"ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე 2 ცათამბჯენის მშენებლობაზე პროექტის გეგმა დამტკიცებულია - ხმაურიანი განხილვის დეტალები

"ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე მულტიფუნქციური პროექტის მშენებლობა იწყება - საკრებულოს 23-მა წევრმა ამ გადაწყვეტილებას მხარი რამდენიმე საათიანი სხდომის შემდეგ დაუჭირა. წინააღმდეგ ხმა 5-მა ოპოზიციონერმა მისცა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ 2 მრავალსართულიანი კორპუსის აშენების შემთხვევაში თბილისი არაერთი რისკისა და საფრთხის წინაშე დგება.

ოპოზიციის არგუმენტაცია არასერიოზულია სახელისუფლებო გუნდისთვის. საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, მშენებლობა ქალაქისთვის საფრთხის შემცველი არ არის და პირიქით, ის სრულ შესაბამისობაშია თბილისის გენერალურ გეგმასთან. გიორგი ტყემალაძე ამბობს, რომ პროექტი მოიცავს ტერიტორიაზე არსებული ისტორიული შენობა-ნაგებობის შენარჩუნება/განვითარებასა და სპორტული გამაჯანსაღებელი კომპლექსის რეაბილიტაციას.

პროექტის დამტკიცებას წინ ხმაურიანი სხდომა უძღოდა. ოპოზიცია და სახელისუფლებო გუნდი ერთმანეთს სიტყვიერად რამდენჯერმე სწორედ ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე მშენებლობის საკითხის გამო დაუპირისპირდა. შელაპარაკება ურბანული კომისიის თავმჯდომარესა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრს შორის რეპლიკებმა გამოიწვია.

საკრებულოს ხმაურიან სხდომამდე კი იყო ურბანული კომისიის ასევე ხმაურიანი სხდომა. ოპოზიცია ითხოვდა საკითხის განხილვა იანვარში გადადებულიყო, თუმცა, მათი ეს მოთხოვნა " ქართული ოცნების" წევრებმა არ გაიზიარეს.

პროექტის მიხედვით, თბილისის ცენტრალურ ნაწილში, ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე დაგეგმილია მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, რომელიც 2 მრავალსართულიან კორპუსს მოიცავს. ასევე, ცნობილია, რომ ტერიტორიაზე შენარჩუნდება საცურაო აუზი, ისტორიული შენობა-ნაგებობები კი განვითარდება.

დღის ამბები