21 დეკემბერი 2024,   18:09
ვრცლად
ომის 673-ე დღე უკრაინაში - უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, სუმის ოლქი 20-ჯერ დაიბომბა

შეაჩერე და ააშენე - ვაშინგტონი კიევს 2024 წელს ასეთ სამხედრო სტრატეგიას ურჩევს. გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებულ შტატებში ბევრი ფაქტორის გამო, მათ შორის, გაჭიანურებული ომისა და წარუმატებელი კონტრშეტევების გამო მიიღეს.

61 მილიარდ დოლარიან სამხედრო პაკეტზე ბაიდენის ადმინისტრაციას ჯერ რესპუბლიკელების თანხმობა არ აქვს, საახალწლოდ კი 2 წლიან ომში მყოფი უკრაინა ვაშინგტონისგან მხოლოდ 250 მილიონი დოლარის დახმარებას მიიღებს.

ის, რომ უკრაინულ არმიას ფრონტზე შეიარაღების გამო პრობლემები აქვს, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, არ მალავენ უკრაინელი გენერლები. ზალუჟნის შემდეგ პრობლემებზე კიდევ ერთი გენერალი, ალექსანდრ ტარნავსკი ალაპარაკდა, რომელიც ხერსონში წარმატებული კონტრშეტევის გამო პრეზიდენტმა პირადად დააჯილდოვა, დღეს კი ზალუჟნისთან ერთად ზელენსკისთვის არასასურველ პირებად ითვლებიან.

ბრიგადის გენერალმა დასავლურ მედიასთან საუბრისას არ დამალა, რომ 2024 წელი უკრაინული არმიისთვის კიდევ უფრო მძიმე იქნება, განსაკუთრებით კი იმის გამო, რომ დღეს ფრონტზე მყოფი ჯარისკაცები საარტილერიო ჭურვების მწვავე დეფიციტს განიცდიან.

2 დაღუპული და 2 დაშავებული ხერსონში - საოკუპაციო ძალამ ოლქს და ქალაქს რამდენჯერმე შეუტია. მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსულმა არმიამ რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და ავტომობილები.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 20-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქი. სამიზნე აქაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. მძიმედ დაშავდა 6 ადამიანი. თუმცა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტრადიციულ ბრიფინგზე სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმის შესახებ კვლავ არაფერი უთქვამთ.

შეტევითი ოპერაცია აწარმოვა უკრაინამ ოკუპირებული სევასტოპოლის და ზაპოროჟიეს მიმართულებით. წინასწარი ცნობით, აფეთქებულია ოკუპანტის საბრძოლო მასალის საცავი. ყირიმის ტერიტორიაზე ორი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ ავრცელებს ცნობებს ნახევარკუნძულის დე-ფაქტო მთავრობა.

კიევის შეტევით პოტენციალზე და სამრეწველო კომპლექსის განვითარებაზე ისაუბრა ტრადიციულ მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მის ქვეყანას აქვს შესაძლებლობა გახდეს ნატოს ერთ-ერთი უძლიერესი წევრი.

უკრაინის დახმარებაზე მუშაობს ამერიკის შეერთებული შტატები. ვაშინგტონმა 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. დოკუმენტი მოიცავს დამატებით საბრძოლო მასალას HIMARS-ის სისტემებისთვის, ასევე, საარტილერიო ჭურვებს და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს.

დღის ამბები