21 დეკემბერი 2024,   18:22
ვრცლად
სერიული მკვლელის აღიარება მასობრივი დახვრეტის და თვითმკვლელობის წინ - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ჩეხეთის ისტორიაში ყველაზე უპრეცედენტო დანაშაულებზე

პრაღაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - დადასტურდა, რომ დავიდ კოზაკმა პრაღაში მასობრივ თავდასხმამდე, კლანოვიცეს ტყეპარკში 32 წლის მამაკაცი 2 თვის შვილთან ერთად მოკლა. დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებით დადასტურდა, რომ ეს ორმაგი მკვლელობა იმავე პირმა ჩაიდინა, ვინც 21 დეკემბერს პრაღის უნივერსიტეტში მასობრივი თავდასხმა მოაწყო, 14 ადამიანი მოკლა, 27 დაჭრა, ამის შემდეგ კი თავი მოიკლა.

დღეს გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ტყეპარკში განახლდა და ათეულობით პოლიციელის ჩართულობით მასშტაბური სახე აქვს. იმ ფონზე, რომ გამოძიება 24 წლის თავდამსხმელის სახლში ნაპოვნი წერილის შინაარსს არ ასაჯაროებს, რთული სავარაუდოა რა ახალ გარემოებებს იკვლევენ პოლიციელები. ამ დროისთვის უკვე ჩატარებულია ბალისტიკური ექსპერტიზა, რომელმაც დაადასტურა, რომ მოკლული მამა-შვილის ცხედრებიდან ამოღებული ტყვიები დავიდ კოზაკის სახლში ნაპოვნი ერთ-ერთი იარაღიდან არის გასროლილი. გამოძიებამ ასევე უპასუხა კითხვას შესაძლო თანამზრახველებთან დაკავშირებით.

"თავდამსხმელი, როგორც ჩანს, მარტო მოქმედებდა. არ არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ მას თანამზრახველი ყავდა. შესაბამისად, პოლიცია ამ ეტაპზე სხვა ეჭვმიტანილებს არ ეძებს," - ამბობს პროკურორი.

კლანოვიცეს ტყეში მომხდარ მკვლელობასა და უნივერსიტეტზე თავდასხმას შორის 6-დღიანი შუალედია. პრაღის პოლიციის სამმართველოში რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ პირველი დანაშაულის ჩადენის შემდეგ 24 წლის თავდამსხმელი ეჭვმიტანილებს შორის იყო და გამომძიებლებს მის დაკავებამდე მცირედი დააკლდათ. დადასტურებული იყო, რომ დევიდ კოზაკი მკვლელობის დღეს კლანოვიცეს ტყეპარკის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა და იგეგმებოდა მისი გამოკითხვაც, თუმცა, მასზე თვალთვალი და მოსმენა არ ხორციელდებოდა.

21 დეკემბერს, შუადღის შემდეგ, პოლიციამ მიიღო ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა მამაკაცი სოფელ ჰოსტუნიდან წავიდა პრაღაში და თავის მოკვლას აპირებდა. რამდენიმე წუთში შეიტყვეს, რომ ეჭვმიტანილის მამა ჰუსტონში კოზაკის მისამართზე მოკლული იპოვეს. გამოცხადდა ძებნა და პოლიციამ გადაწყვიტა შეემოწმებინათ უნივერსიტეტის ის შენობა, სადაც 24 წლის თავდამსხმელს იმ დღეს ლექცია უნდა ჩატარდებოდა. როცა სპეცრაზმი ჩელეტნას ქუჩაზე ფილოსოფიის ფაკულტეტის შენობას ცლიდა, ამ დროს იან პალაჩის მოედანზე კოზაკმა სტუდენტებს და პროფესორებს ცეცხლი გაუხსნა.

სროლა 21 წუთს განმავლობაში გაგრძელდა. თავდამსხმელმა, რომელსაც შენობაში 12 დასახელების იარაღი ქონდა შეტანილი, პოლიციის ალყაში მოხვედრის შემდეგ თავი მოიკლა. ქვეყნის ისტორიაში მომხდარი უპრეცედენტო დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე გამოკვეთილი არ არის, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, კოზაკი რუსეთში, კერძოდ ბრიანსკსა და ყაზანში მომხდარი მსგავსი მასობრივი მკვლელობებით იყო შთაგონებული და ამის შესახებ ტელეგრამის არხზე საჯაროდ წერდა. შეიძლებოდა თუ არა ფაქტის აღკვეთა და დაუშვა თუ არა პოლიციამ შეცდომები - ამ საკითხს ახლა ჩეხეთის უსაფრთხოების ძალების გენერალური ინსპექცია სწავლობს.

 

დღის ამბები