16 დეკემბერი 2024,   19:36
ვრცლად
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, ტექნიკური პერსონალის ნაწილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, ტექნიკური პერსონალის ნაწილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. 

"ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი აცხადებს, რომ სცენის სამსახურში დასაქმებული პირების (სცენის მემანქანეების, გამნათებლების, რეკვიზიტორის) მოთხოვნას წარმოადგენდა არსებული ხელფასების 100%-ით ზრდა, რაც, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე შეუძლებელია. აღვნიშნავთ, რომ ხელფასების ზრდასთან დაკავშირებული  პროცესი თეატრის მიერ დაიწყო გაცილებით ადრე, ვიდრე დასაქმებულები თეატრს მომართავდნენ ხელფასების მატების მოთხოვნით.

კერძოდ, 2023 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ჩვენი თეატრისათვის შეითანხმა სახელფასო ბიუჯეტის ზრდა 701 000 ლარის ოდენობით, რაც იანვრიდან შევა ძალაში. 2024 წლის 1 იანვრიდან, თეატრის სცენის სამსახურის თანამშრომლებს შრომის ანაზღაურება ეზრდებათ 35-40%-ით, რაც თანამშრომლებს, პროფკავშირებსა და მედიაციის პროცესში ჩართულ პირებს  ოფიციალურად  ვაცნობეთ ჯერ კიდევ გაფიცვამდე.

სამწუხაროდ, შრომის ანაზღაურების ზემოაღნიშნული პროცენტული ზრდა თეატრის სცენის სამსახურში დასაქმებული პირებისათვის არ აღმოჩნდა მისაღები, რის გამოც სცენის სამსახურში დასაქმებული პირების ერთმა ნაწილმა 2023 წლის 03 ნოემბრიდან მიიღო გაფიცვის გადაწყვეტილება.

გაფიცულმა თანამშრომლებმა იცოდნენ, რომ ხელფასის შეთანხმებულ - 35-40% პროცენტზე მეტი ოდენობით გაზრდის რესურსი თეატრს არ გააჩნდა, თუმცა,  მათ არ გაითვალისწინეს თეატრის ინტერესები და საფრთხის ქვეშ დააყენეს მისი ფუნქციონირების საკითხი, არ შეცვალეს პოზიცია და თეატრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე, შრომითი ურთიერთობის შეჩერების 30 დღიანი გონივრული ვადის გასვლის შემდეგაც, 24 დღის განმავლობაში არ შეწყვიტეს გაფიცვის პროცესი. თეატრისთვის უცნობი იყო კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა გაფიცვა. ცალსახაა, რომ თეატრის ფუნქციონირება ვერ იქნება დამოკიდებული თანამშრომელთა ცალკეული  ნაწილის ნებაზე.  აქედან გამომდინარე, იზრუნა რა შემოქმედებითი პროცესის შეუფერხებელ გაგრძელებასა და გამართულ ფუნქციონირებაზე, თეატრმა უზრუნველყო გაფიცული თანამშრომლების ნაცვლად სხვა პირების მობილიზება. დღევანდელი მდგომარეობით, ბუნებრივია, ერთი და იმავე ფუნქციის შესასრულებლად თანამშრომლების გაორმაგებული ოდენობა არაგონივრული და დამაზიანებელია. შესაბამისად, გაფიცულ თანამშრომლებთან კვლავ სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლა ობიექტური მიზეზით ვეღარ განხორციელდება,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები