18 ოქტომბერი 2024,   06:57
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა იმასთან დაკავშირებით, თუ რას უკავშირდება რისკები, როდესაც ოპოზიცია ქვეყანაში აღარ არსებობს, იყო აბსოლუტურად გულწრფელი - მამუკა მდინარაძე

"გამოსვლა იმასთან დაკავშირებით, თუ რას უკავშირდება რისკები, როდესაც ოპოზიცია ქვეყანაში აღარ არსებობს, იყო აბსოლუტურად გულწრფელი," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ გამოსვლასთან დაკავშირებით გააკეთა.

მამუკა მდინარაძემ ხაზი გაუსვა, რომ არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით რისკები არ არსებობს.

"საუბარია აბსოლუტურად მოშლილ ოპოზიციაზე. თუკი შეიძლება რაიმე ფუნქცია ჰქონდეს ოპოზიციას, ეს არცერთი რეალური ფუნქცია ოპოზიციას ამ ქვეყანაში არ აქვს - მავნებლობა ფუნქცია არ არის. ამ ფონზე, ჩნდება სხვადასხვა გამოწვევები და იმ გლობალური გამოწვევების ფონზე, პერმანენტული ჩართულობა, რჩევები, კონსულტაციები აბსოლუტურად განსხვავებულ ხარისხს ქმნის ამ ყველაფრისა.

ოპოზიციას შანსი ჰქონდა ნული და დღევანდელი დღით, ნულს ქვემოთ, თუკი მინუსებში შეიძლება რაიმე პროცენტული ხარისხები განვსაზღვროთ, იქ შეიძლება წავიდეთ ჩვენი ლოგიკითა და მსჯელობით. მთავარია, რომ ეს გადაწყვეტილება საარჩევნო კუთხით პოლიტიკურად გაძლიერებას არ უკავშირდება. თავად ბატონმა ბიძინამ ამაზე ისაუბრა, რომ დღეს ყოველგვარი საარჩევნო კამპანიის გარეშე, უმრავლესობას მოიპოვებს მმართველი გუნდი. ამ რისკზე ის საერთოდ არ საუბრობდა, საერთოდ სხვა მიმართულებით წავიდა მისი საუბარი და ბუნებრივია, რომ გამოსვლა იმასთან დაკავშირებით, თუ რას უკავშირდება რისკები, როდესაც ოპოზიცია ქვეყანაში აღარ არსებობს, იყო აბსოლუტურად გულწრფელი.

სპეკულაცია აუცილებლად იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ "გუნდს დაეხმარება", "შეეშინდათ არჩევნებთან დაკავშირებით" და ა.შ. არჩევნებთან დაკავშირებით პრობლემა საერთოდ არ არის, ეს მკაფიოდ და ხაზგასმით უნდა ვთქვათ და ამაზე ისაუბრა თავად ბატონმა ბიძინა ივანიშვილმაც," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს "ქართული ოცნების" პარტიულ ყრილობაზე გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. ის მმართველი გუნდის წევრებმა პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. გადაწყვეტილების მიზეზები მან დეტალურად განმარტა

დღის ამბები