15 ოქტომბერი 2024,   22:51
ვრცლად
ახალ წელი და ახალი იმედები - როგორ ხვდებიან ახალ წელს საოკუპაციო ხაზთან

ახალ წელს ახალი იმედით და ოცნებით ხვდებიან ის ადამიანები, ვისთვისაც მთავარი სურვილი ყოველ წელს მშვიდობაა. ისინი ყოველ დღე საკუთარი სახლის ფანჯრებიდან ხედავენ, რა ხდება მავთულხლართებს მიღმა, როგორ გადაადგილდებიან მათ სახლებთან რუსი ჯარისკაცები და რამდენად ახლოსაა ქალაქი, რომელშიც ყოველ ახალ წელს გადადიოდნენ.

ცხინვალი, ერგნეთისა და ნიქოზის მცხოვრებლებისთვის ერთდროულად სევდაცაა და იმედიც, რადგან სამი ომის მომსწრეებს სჯერათ, რომ ერთ დღესაც იქ, მავთულხლართები აღარ დახვდებათ. ერგნეთში მცხოვრები გულიტაშვილების ოჯახში ნაძვის ხე აინთო. ეს მხოლოდ ახალი წლის დაწყებას არ უკავშირდება, მუდმივი სინათლე ფანჯრებში სიმბოლოა, იმისა რომ საკუთარი მიწის მიტოვებას არავინ აპირებს.

საახალწლო ნივთების შექმნაში ოჯახის ყველა წევრი იღებს მონაწილეობას. გულიტაშვილებს სჯერათ, რომ მათივე ხელით შექმნილი საშობაო დეკორაციებს, სურვილების ასრულების უფრო მეტი ძალა აქვს.

როგორც საშობაო დეკორაციები, მათივე დამზადებული ტკბილეულიც ვიზუალურად განსხვავებულია. თუმცა, ინგრედიენტები ტრადიციულ სახეს ატარებს.

სოფელი ვაკე - აქ ახალ წელს ქართულ-ოსური ტრადიციებით ხვდებიან. ერთ-ერთი ხუბაშვილების ოჯახია. ტრადიცია ამჯერადაც არ დარღვეულა - ნაძვის ხე სპეციალური სათამაშოებით მორთეს - შვილიშვილებთან ერთად, რომლებიც ოჯახის უხუცეს წევრებს ბავშვობაში აბრუნებენ და საახალწლო განწყობას უქმნიან.

სოფელ ნიქოზში კი ახალ წელს ყველა სახლს 16 წლის გიორგი თედეევის მიერ გაკეთებული ნათურები ანათებს. მრავალშვილიან ოჯახში, სადღესასწაულო სამზადისი, რამდენიმე კვირით ადრე იწყება და მასში ყველა ჩართულია. მთავარი იმ ტრადიციების გაგრძელებაა, რომელიც მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი წარსულიდან ჯერ კიდევ შემორჩათ.

გვარაძეების ოჯახში, ყოველ წელს ცხვება ბასილა, რომელსაც 80 წლის ქეთევან გვარაძეს ჯერ კიდევ დედა უმზადებდა. ოსურ ტრადიციას მისი შვილები და შვილიშვილებიც განაგრძობენ. ასე ხვდება ბასილა ახალ წელს მაგიდის ცენტრში, საპატიო ადგილას.

ნიქოზში მცხოვრები გვარაძეების ოჯახში, 31 დეკემბერს აუცილებლად ცხვება ოსური ხაჭაპურიც. ხაბიზგინა საახალწლო სუფრაზე ადგილს ბასილას გვერდით იკავებს.

ყოველი ახალი წელი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანებისთვის იმედით იწყება. იმედით, რომ მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ საკუთარ სახლებში დაბრუნდებიან. მათი სიმღერებიც და საახალწლო სურვილებიც სამშობლოს უკავშირდება - ახალი წლის ღამეს, საქართველოს გაერთიანებას ჩაიფიქრებენ.

დღის ამბები