06 ოქტომბერი 2024,   07:31
ვრცლად
2024 ხის დრაკონის წელია - აღმოსავლეთში დრაკონი სიკეთეს, იღბალს, სიძლიერეს და ძალაუფლებას უკავშირდება

აღმოსავლეთში დრაკონი სიკეთეს, იღბალს, სიძლიერეს და ძალაუფლებას უკავშირდება. მეტიც, ის ჩინეთის მთავარი სიმბოლოა. სწორედ ჩინური კალენდრის მიხედვითაა 2024 მწვანე ხის დრაკონის წელი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე იღბლიან და წარმატებულ სიმბოლოდ ითვლება.

მიუხედავად იმისა, რომ მწვანე სიმშვიდის ფერია, 2024 ასტროლოგებმა აქტიურ წლად შეაფასეს. მწვანე ხის დრაკონი ცის და მიწის ენერგიის ერთობლიობაა. მითიური არსება განსაკუთრებით კეთილგანწყობილია დრაკონის წელში დაბადებულების მიმართ. ფავორიტად - კურო და ტყუპები აირჩია.

ახალი წლის მთავარი სიმბოლოს აწყობა, ყველა ოჯახში ისეთივე ჯადოსნურია, როგორც თავად დღესასწაული. 2024 წელს, მთავარი ფერები მწვანე და ლურჯია. მინიმალიზმი საახალწლო დეკორაციებში წელს ყველაზე აქტუალურია. 2024 წლის მთავარი ტრენდი წვიმით დაფარული ნაძვისხეა.

დრაკონმა თავის ხასიათიდან გამომდინარე, არც მსოფლიო მოდისთვის დაიშურა ფერები. მწვანე, ლურჯი, ყვითელი, ოქროსფერი, შავი და იისფერი , - ფერებს ახალი წლის ღამეს თუ ბრჭყვიალებსაც დავუმატებთ დრაკონის კეთილგანწყობას მოვიპოვებთ. ერთადერთი ფერი, რაც მწვანე დრაკონს აბრაზებს - წითელი და ნარინჯისფერია. ამიტომ რჩევებს თუ გავითვალისწინებთ, უმჯობესია ეს ორი ფერი მხოლოდ აქსესუარებში გამოვიყენოთ.

დრაკონის გასტრონომიული გემოვნება არც პრეტენზიულია და არც განსაკუთრებული აკრძალვები აქვს. უყვარს ყველაფერი, უფრო მეტად კი ხორცი. შეფმა ავთო ცეცხლაძემ საახალწლო ვახშმის გასაფორმებლად, მთავარ ფერად მწვანე - მთავარ კერძად კი ხაჭაპური აირჩია. მეგრული და იმერული, გურულ საშობაო ღვეზელთან ერთად, მისი საახალწლო სუფრის ტრადიციის ნაწილია.

რამდენიმე საათში, კატა-კურდღლის წელს უკვე მწვანე ხის დრაკონის წელი შეცვლის, რომელიც ახალი ეპოქის და ცვლილებების საწყისად ითვლება. მითიური არსება, ჩინური კალენდრის მიხედვით ჩვენს სამყაროში 10 თებერვალს შემოაბიჯებს. მანამდე კი, თუ ამ წლის ყველა რჩევას გავითვალისწინებთ, 2024 თითოეული ჩვენგანისთვის სიკეთის, სიძლიერის, აქტიურობის, იღბლის და წარმატების მომტანი უნდა იყოს.

დღის ამბები