19 სექტემბერი 2024,   05:00
ვრცლად
სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება - რას გულისხმობს ცვლილებები

სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი რეგულაციით, სტომატოლოგიური კლინიკის ან კაბინეტის გახსნამდე შეტყობინება უნდა გაეგზავნოს რეგულირების სააგენტოს, რომელიც დაწესებულებას, მაქსიმუმ, ორი თვის განმავლობაში შეამოწმებს და ყველა სავალდებულო სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გასცემს დადებით დასკვნას.

უფრო დეტალურად გაიწერა ინფექციის პრევენციის, კონტროლის, სტერილიზაცია-დეზინფექციის და სამედიცინო ნარჩენების მართვის აუცილებელი კრიტერიუმები.

ახალი სტანდარტები შეეხება პროფესიულ განვითარებასაც - სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებული ხდება, უზრუნველყოს ექიმთა უწყვეტი სამედიცინო განათლება. ასევე - თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე და სკრინინგი C ჰეპატიტზე, ექვს თვეში ერთხელ. ამას გარდა, სამედიცინო პერსონალისთვის საათობრივი მინიმალური ანაზღაურების რეფორმა გაფართოვდა. კერძოდ, უმცროს ექიმს, ექთნის თანაშემწეს, ბებიაქალსა და სანიტარს მინიმალური სახელფასო ზღვარი დაუწესდათ.

ახალი რეგულაციით, ხელფასის ზრდა ექვსი ათასამდე პირს შეეხება. შედეგად, მინიმალური ხელფასის დაწესების რეფორმა სტაციონარულ განყოფილებაში ჩართულ ყველა სამედიცინო პერსონალზე აისახება.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, უწყება სექტორში ხარისხის გაუმჯობესების კუთხით აქტიურად მუშაობს.

"2024 წლის პრიორიტეტებში კვლავ დარჩება ჰოსპიტალური სექტორის ხარისხისა და ეფექტურობის გაუმჯობესება, DRG მექანიზმის დახვეწა და კიდევ უფრო გაფართოება, ასევე - რეფერენტული ფასების გაფართოება ბაზარზე მედიკამენტების ხელმისაწვდომობის კუთხით. უკვე გაფართოვდა მინიმალური ხელფასის პოლიტიკა და მოიცვა ექთნები, ბებიაქალები, უმცროსი ექიმები, ექიმები, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მოტივაციისა და შრომითი გარანტიების უზრუნველყოფისთვის“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

დღის ამბები