19 სექტემბერი 2024,   05:12
ვრცლად
ქვეყანაში "ახალი წლის დღეები" გრძელდება - დღეს საზეიმო ღონისძიებები 4 მუნიციპალიტეტში გაიმართა

ქვეყანაში "ახალი წლის დღეები" გრძელდება. დღეს საზეიმო ღონისძიებები 4 მუნიციპალიტეტში გაიმართა. ქალაქებში სტუმრებს დილიდან მასპინძლობდა საშობაო ბაზრობა, სადაც მოწყობილი იყო კვების სივრცეები, მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა. პერიოდულად ეწყობოდა თეატრალური მსვლელობები. დღის ბოლოს, ოთხივე რეგიონში ღონისძიებები კონცერტებით და ფეიერვერკით დასრულდა.

საახალწლო აქტივობებს ჭიათურა დილიდან მასპინძლობს. ადგილზე წარმოდგენილი იყო საშობაო ბაზრობა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

მასშტაბურ ღონისძიებას უმასპინძლა კახეთის მუნიციპალიტეტმა. ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საახალწლო დეკორაციები, თოვლის ბაბუას კუთხე პატარებისთვის - ეს ყვარლის მუნიციპალიტეტში მიმდინარე აქტივობების არასრული ჩამონათვალია. დღის განმავლობაში, ასევე მოეწყო თეატრალიზებული მსვლელობა.

იმერეთისა და კახეთის პარალელურად, "ახალი წლის დღეების" ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები დილიდან მიმდინარეობდა სამეგრელოში. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, დადიანების სასახლის ეზოში, მოეწყო საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი მეწარმეების დახლები და კვების სივრცეები. პატარების განწყობაზე ანიმატორები და ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ.

"ახალი წლის" დღეებს უმასპინძლა ბორჯომმაც. პატარების განწყობაზე კოსტიუმირებული გმირები, მოსიარულე ორკესტრი, თოვლის ბაბუა და ანიმატორები ზრუნავდნენ. სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, დღე ბორჯომშიც საზეიმო კონცერტით დასრულდა.

"ახალი წლის დღეები" საქართველოს მასშტაბით კიდევ 1 კვირა გაგრძელდება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ღონისძიება 63 მუნიციპალიტეტში, 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

დღის ამბები