19 მაისი 2024,   17:42
ვრცლად
რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში - ივანე ჩხაიძე რესპირატორული ვირუსების სიმპტომების და მათი მართვის შესახებ

ქვეყანაში რესპირატორული ვირუსების შემთხვევები იზრდება. მომატებულია მიმართვიანობა კლინიკებშიც. ექიმების ინფორმაციით, ძირითადად ცირკულირებს A ტიპის ვირუსები, რომლის სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, თავის და სახსრების ტკივილი და გამოხატული სისუსტე. ექიმები აცხადებენ, რომ ახლა გრიპის აღმავალი პერიოდია და სიმპტომების მქონე პირებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

"ძირითადი ვირუსი, რომელიც ცირკულირებს არის A ტიპის ვირუსი - H1, პანდემიური და მეორე ადგილზე, შედარებით ნაკლები ინტენსივობის, ეს არის H3, ესეც A ტიპის ვირუსს მიეკუთვნება. H1-ს და H3-ს ერთი და იგივე სიმპტომები აქვს, ეს არის მაღალი ტემპერატურა - 38 და მეტი, თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ყელის ტკივილი. რისკის ჯგუფები იგივეა, რაც ვაქცინაციის დროს - ეს არის 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ორსულები და 65 წელს გადაცილებული პირები ქრონიკული დაავადებებით.

რეკომენდაცია ეხება სიმპტომურ მართვას. მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში (38 და მეტი) სიცხის დამწევი საშუალების გამოყენება, დიდი რაოდენობით სითხეების მიღება - ეს შეიძლება იყოს ჩაი, წყალი, ახლად მომზადებული წვენი. აუცილებლად დარჩით სახლში - გრიპი გადამდებია და ბავშვი თუ მოზრდილი, სხვისთვის საშიშია, ამიტომ თუ თქვენ ეს ნიშნები გაქვთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დარჩეთ სახლში," - აცხადებს იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

დღის ამბები