19 სექტემბერი 2024,   05:21
ვრცლად
აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, აპირებს, გამოძიებასთან ითანამშრომლოს, -"თიბისი ბანკში" მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატი

"თიბისი ბანკში" მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ გუგა გოცირიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სახელმწიფო ბრალდება პატიმრობას, დაცვის მხარე კი ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა. ბრალდებულს პროცესზე სიტყვით არ უსარგებლია.

გამოძიების ინფორმაციით, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე "თიბისი ბანკის" ფილიალში, გოცირიძე პისტოლეტის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, თავს დაესხა ბანკის თანამშრომლებს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფულს ითხოვდა, თუმცა განგაშის სიგნალის ჩართვის გამო, ბრალდებულმა თანხის წაღება ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაცვის მხარის განცხადებით, ბრალდებულის დანაშაულს აღიარებს.

მისივე განცხადებით, დაკავებულის ემოციური მდგომარეობა მძიმეა და თავის პრობლემებზე საუბარი ოჯახის წევრების თანდასწრებით არ სურს.

"აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, აპირებს, მომავალში გამოძიებასთან ითანამშრომლოს, ამ საფუძვლიდან გამომდინარე, არსებული იყო მის მიმართ შეფარდებულიყო სხვა, უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება. ძალიან მძიმე ემოციური ფონი აქვს. ოჯახის წევრებთან ერთად არ სურს ისაუბროს იმ პრობლემებზე, რაც აქვს", - განაცხადა დავით ბარბაქაძემ.

პროკურორის, გიორგი ნადირაძის განცხადებით, ბრალდებულს თან ჰქონდა მეტალის იარაღის მსგავსი ნივთი, რომლის რეალურისგან გარჩევაც, შესაბამისი ცოდნის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა.

"თიბისი ბანკში" მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა ერთ პირს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით და ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით . ამ ეტაპისთვის დადგენილია, რომ აღნიშნული გახდათ "აირის" პისტოლეტი, რომელიც არის მეტალის ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგანი, აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, სპეციალური ცოდნის არ მქონე პირმა გაარჩიოს აღნიშნული იარაღი", - განაცხადა გიორგი ნადირაძემ.

დღის ამბები