19 სექტემბერი 2024,   05:10
ვრცლად
ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ კაცს ბრალი რეანიმაციაში ყოფნის დროს წაუყენეს - გიორგი კავლელაშვილს 20 წლით ან უვადო პატიმრობა ემუქრება

გიორგი კავლელაშვილი წარდგენილ ბრალს პირადად არ გასცნობია. კლინიკაში ჩატარებულ სამართლებრივ პროცედურებს მხოლოდ მისი ადვოკატი დაესწრო. ცნობილია, რომ, ამ ეტაპზე, ის საგამოძიებო მოქმედებებში ვერ მონაწილეობს და სამართალდამცველებისთვის ჯერ ჩვენებაც არ მიუცია.

კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალში" გამომძიებლები და დაკავებულის ინტერესების დამცველი 13:00 საათზე მივიდნენ. ბრალდების მიხედვით, 30 წლის გიორგი კავლელიშვილს გამოძიება მეუღლის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ედავება. სასჯელი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ბოლოს, ბრალთან დაკავშირებით, პროკურატურამ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა. გამოძიების ინფორმაციით, 30 წლის მამაკაცმა მეუღლეს, დანით, სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც ქეთევან ედიბერიძე კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. თვითდაზიანებები მიიყენა თავად ბრალდებულმა კავლელაშვილმაც.

მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი კონტაქტურია, თუმცა კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ის ექიმებისა და ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშაა. მას შემდეგ, რაც 30 წლის მამაკაცის მდგომარეობა გაუმჯობესდება, მას სამართალდამცველები ხელბორკილებს პალატაშივე დაადებენ და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.

გიორგი კავლელაშვილის დაკითხვამდე, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. პოლიციის განყოფილებაში მოწმეების გამოკითხვები მიმდინარეობს. ჩვენება უკვე მისცა 27 წლის ქალის მკვლელობის ერთადერთმა მოწმემ, ბრალდებული კავლელაშვილის მამამ. მასთან ბინაში დღეს "კურიერიც" მივიდა. კაცმა კარი თავად გააღო, თუმცა მომხდარი ტრაგედიის დეტალებზე საუბარი აღარ ისურვა.

მეზობლებმა ბრალდებულის მამისგან გაიგეს კავლელაშვილების ბინაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ. ამბობენ, რომ, ხმაურზე სადარბაზოში გამოსულებმა, ოთარ კავლელაშვილი დაინახეს, მას შვილიშვილი ეჭირა ხელში და დახმარებას ითხოვდა. მეზობლების თქმით, 30 წლის მამაკაცმა საკუთარი მეუღლე სასიკვდილოდ მაშინ დაჭრა, როდესაც ქეთევან ედიბერიძეს 3 თვის შვილთან ერთად ეძინა.

მძიმე დანაშაული, 9 იანვარს, ვარკეთილის ერთ-ერთ დასახლებაში მოხდა. შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და ნივთმტკიცებებს აგროვებდნენ. "კურიერის" ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია დანა, რომლითაც ქმარმა ჯერ ცოლი დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა.

დღის ამბები