დანიის ელჩის განცხადებას, რომელმაც "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია, მმართველი გუნდის წევრი, ბექა დავითულიანი გამოეხმაურა.
მისი თქმით, დიპლომატს "ზედმეტი მოსდის ", ხოლო მისი, ეს განცხადება ქვეყანაში რადიკალური შეხედულებების გაძლიერებას ემსახურება.
"საქართველოში აკრედიტებულ ზოგიერთ დიპლომატს, სამწუხაროდ, ცოტა ზედმეტი მოსდის და თავის ფუნქციებში ვერ გარკვეულა. ის ელჩია, მან უნდა იცოდეს რისი უფლება აქვს და რა ფარგლებში შეუძლია იმოქმედოს. ეს გადაცდომა არ არის, ეს არის მიზანმიმართულად წყლის დასხმა რადიკალურ პოზიციებზე, სრულიად უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი, ყალბი ნიუსის გავრცელება, პროცესების რადიკალიზაციის ხელშეწყობისთვის. მგონია, რომ სხვა ქვეყნის ელჩს, საქართველოში ამის არც უფლება აქვს და, არც არავინ ეკითხება. ალბათ, საგარეო საქმეთა სამინისტრო დაიბარებს ელჩს და მოსთხოვს განმარტებებს. მან უნდა ახსნას, რატომ აძლევს თავს უფლებას, ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები გააკეთოს", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.