01 ივლისი 2024,   16:56
ვრცლად
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება კლინიკაში შეუფარდეს - ადვოკატის თქმით, კაცმა მეუღლის დაღუპვის შესახებ დღეს გაიგო

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი კავლელაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა. სხდომა კლინიკის პალატაში ცოტა ხნის წინ დასრულდა. სამართალდამცველები მას, სავარაუდოდ, დღის განმავლობაში დაკითხავენ.

როგორც საქმის მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, დაკავებული წარდგენილ ბრალს დაეთანხმა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის დანაშაულს აღიარებს.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატის თქმით, ბრალდებულმა თავისი მეუღლის დაღუპვის შესახებ დღეს გაიგო და მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია. მისივე თქმით, დაკავებული მონაყოლიდან ბევრ დეტალებს ვერ იხსენებს.

"ბრალდებულის პოზიცია პროკურატურის შუამდგომლობასთან დაკავშირებით არ იყო საწინააღმდეგო. დღეს გაიგო მან, რომ მისი მეუღლე არის გარდაცვლილი და ჩავარდა ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, იძახდა, რომ პასუხი უნდა ვაგოო... დანაშაული ახლა შეიძლება მან აღიაროს, მაგრამ მხოლოდ მისი სიტყვები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს დანაშაული შეერაცხოს. ამისთვის საჭიროა ექსპერტიზა. მისი მონაყოლიდან გამომდინარე, იკვეთება, რომ რაღაცებს ვერ აცნობიერებდა და ვერ იხსენებს დეტალებს, ვერც მოტივზე საუბრობს," - განაცხადა ადვოკატმა.

საქმის პროკურორის თქმით კი, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო და ყველა სახის ექსპერტიზა.

ახალგაზრდა კაცმა მძინარე ცოლს დანით სასიკვდილო ჭრილობები ორი დღის წინ მიაყენა. სახლში იყო მათი რამდენიმე თვის შვილიც. 27 წლის ქალი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. ცოლის დაჭრის შემდეგ დამნაშავემ თვითაზიანებები მიიყენა. ბრალდებული რჩება კლინიკაში და მკურნალობას ბადრაგების მეთვალყურეობის ქვეშ განაგრძობს.

დღის ამბები