"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინა ბოკუჩავამ, პარტიის სახელით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა - უწყებამ, საპარლამენტო არჩევნებზე, ეუთო/ოდირს დამკვირვებლების გამოგზავნა მოითხოვოს.
"ხელისუფლება დუმს და ეუთო/ოდირის მიმართ, ამ დრომდე, არ არის მოწვევა გაგზავნილი. როგორც მთავარმა პროდასავლურმა პარტიამ, აუცილებლად მივიჩნიეთ, წერილობით თხოვნით, მიგვემართა ეუთო/ოდირისთვის, რომ მათ გამოაგზავნონ გრძელვადიანი, ისევე, როგორც მოკლევადიანი დამკვირვებლები საქართველოში, ამ უმნიშვნელოვანეს არჩევნებზე დასაკვირვებლად, რომელსაც ქვეყნისთვის აქვს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. მოვუწოდებ, საგარეო საქმეთა სამინისტროს, დროულად გაგზავნოს ოფიციალური მოწვევა ოდირის სახელზე", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საგარეო უწყებამ საპასუხოდ განმარტა, რომ, გეგმის მიხედვით, 2024 წლის არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევა მიმდინარე წლის თებერვალშია დაგეგმილი.
უწყების განცხადებითვე, ცალკეული პოლიტიკური ძალები ამჯერადაც ხელოვნურად ახდენენ აღნიშნული საკითხის პოლიტიზებას და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ.