უნდა გადავიდეს თუ არა რელიგიური ნივთების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის სფეროში - "ქართული ოცნების" ინიციატივა ისევ პოლიტიკური დისკუსიის საგანია.
იდეას ოპოზიციის უმრავლესობის მხარდაჭერა არ აქვს. ხელისუფლების ოპონენტებს სხვადასხვა არგუმენტი აქვთ, მათ შორისაა ის, რომ მხოლოდ ერთი ფაქტიდან გამომდინარე არ არის საჭირო მკაცრი ზომების მიღება.
"რაღაცნაირი სიურპრიზი იყო ის, რომ "გირჩის" ოფისის წმინდა სივრცედ გამოცხადებას აპირებს თურმე საქართველოს ხელისუფლება. ცოტა უხერხულიც კი არის ასეთ წინადადებას მხარი არ დაუჭირო, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ, ჩვენს პრივილეგიასთან ერთად, ვიღაცის უფლებები იზღუდება და ამიტომ, ამ კანონს მხარს არ დავუჭერთ. ეს კანონი არის რელიგიური ფარისევლობის ნიშანი,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.
ცნობისთვის, რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება იგეგმება - საფუძველი სამებაში მომხდარი ვანდალური ფაქტი გახდა.