03 ივლისი 2024,   12:31
ვრცლად
ისრაელი-"ჰამასის" კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთს გასცდა - სამხრეთ აფრიკამ ღაზაში ცაჰალის სამხედრო ქმედებებს გენოციდი უწოდა და ისრაელის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოში სარჩელი შეიტანა

"ჰუსიტების" გარდა, ისრაელის ორი მთავარი გამოწვევა "ჰამასი" და "ჰეზბოლაა", თუმცა ეს კონფლიქტი უკვე გასცდა ახლო აღმოსავლეთს. საქმეში ჩაერთო სამხრეთ აფრიკა, რომელმაც ღაზაში ცაჰალის სამხედრო ქმედებებს გენოციდი უწოდა და ისრაელის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

სასამართლომ, რომელიც იმ ომის შემდეგ შეიქმნა, რომლითაც ებრაელები ყველაზე მეტად დაზარალდნენ, ახლა ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უნდა განიხილოს.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა თვლის რომ ღაზაში ისრაელის ქმედებები ეროვნების, რასის და ეთნიკური ჯგუფის წინააღმდეგ არის მიმართული.

ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, დღეს, დეილ ელ ბალაჰის რეგიონში 9 პალესტინელი დაიღუპა, 13 კი მძიმედ დაიჭრა. ასევე დაიბომბა ხან იუნისის რეგიონი, არიან დაშავებულები.

კონფლიქტის არეალი გასცდა ღაზის სექტორს და მთელი აღმოსავლეთი მოიცვა - ისრაელმა მეორე ფრონტი გახსნა ლიბანის საზღვართან, აღმოსავლეთის ქვეყნები ისრაელს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააფრთხილა ისრაელი, რომ ასეთი პოლიტიკით, "მთელ რეგიონს უფრო დიდი კონფლიქტისკენ უბიძგებს".

სიტუაცია დაძაბულია წითელ ზღვაში, სადაც "ჰუსიტები" ბლოკავენ და თავს ესხმიან ისრაელის გემებს.

არაბული სატელევიზიო არხების ცნობით, "ჰამასი" არ დაიწყებს მოლაპარაკებებს, სანამ ღაზის სექტორში ცეცხლი არ შეწყდება და არც ისრაელელ მძევლებს გაათავისუფლებს.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა გენოციდის ბრალდებით ისრაელს ჰააგის სასამართლოში უჩივის. დღეს ისრაელმა პასუხი გასცა სავარაუდო გენოციდის ბრალდებას ჰააგაში საერთაშორისო სასამართლოზე. სიტყვით გამოსვლისას კი ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა განაცხადა, რომ ქვეყნის სამხედრო მოქმედებები, "ჰამასისა" და სხვა ტერორისტული ორგანიზაციებისგან თავდაცვაა.

ადვოკატი მალკოლმ შოუ, რომელიც მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ისრაელს წარმოადგენს, აცხადებს, რომ ისრაელის ხელმძღვანელობას "ჰამასის" 7 ოქტომბრის თავდასხმების შემდეგ "გენოციდური განზრახვა" არ გამოუვლენია.

ისრაელი-პალესტინის ომის 98-ე დღეს სამხედრო და ჰუმანიტარულმა კრიზისმა პიკს მიაღწია. ექსპერტები ამ ომს 21-ე საუკუნის ყველაზე სისხლიან კონფლიქტად აფასებენ. 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაზე ისრაელის თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 23 469 ადამიანი დაღუპა, მათ შორის 10 000-მდე ბავშვი.

 

ავტორი: ნინი წულაია. 

დღის ამბები