29 სექტემბერი 2024,   05:35
ვრცლად
მაღალი ტემპერატურა, თავისა და სახსრების ტკივილი, გამოხატული სისუსტე - ქვეყანაში სეზონური ვირუსებია გავრცელებული

მაღალი ტემპერატურა, თავისა და სახსრების ტკივილი, გამოხატული სისუსტე - ქვეყანაში სეზონური ვირუსებია გავრცელებული. გაზრდილია მიმართვიანობაც სამედიცინო დაწესებულებებში. ამ დროისთვის ძირითადად "ა" ტიპის ვირუსი ცირკულირებს, თუმცა პაციენტები კლინიკებს სხვა ვირუსული ინფექციებითაც აკითხავენ.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ, სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ, შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება, ამიტომ მოსახლეობას ვაქცინაციისა და რეკომენდაციების შესრულებას ურჩევენ.

"ბავშვთა მიმართვიანობა გაზრდილია ისევე, როგორც ყველა სეზონზე. ყოველ წელს, ამ დროისთვის, არის გაზრდილი. ცირკულირებს იგივე ტიპის გრიპის ვირუსები, რაც ცირკულირებდა აქამდე. განსაკუთრებულ შემთხვევებთან არ გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, სოციალური აქტივობის გამო, როგორიც იქნება ბაღები, სკოლები და ა.შ. შეიძლება, შემთხვევათა რაოდენობამ მოიმატოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რამე კატასტროფასთან გვაქვს საქმე. იგივე გავრცელება არის ევროპის კონტინენტზე,"- აცხადებს პედიატრი თეიმურაზ მიქელაძე.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მოსახლეობას ურჩევს, რისკჯგუფებში მყოფ პირებში ვირუსის დადასტურების შემთხვევაში, დროულად მიმართონ ექიმს.

"ზოგადად, ახასიათებს მწვავე მიმდინარეობა, ესაა ცხელებით დასაწყისი, მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, შეიძლება იყოს სახსრების, კუნთების ტკივილი და ხანგრძლივდება სიმპტომები 5-დან 7 დღემდე, გართულებულ შემთხვევებში - შეიძლება 2 კვირამდეც. რისკჯგუფებში არიან ასაკოვანი ადამიანები, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები და მცირეწლოვანი ბავშვები, ამიტომ, თუ ამ კატეგორიაში თუ გრიპი დადასტურდება, მნიშვნელოვანია, მათ დროულად მიმართონ ექიმს," - აცხადებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

დღის ამბები