29 სექტემბერი 2024,   05:23
ვრცლად
"გრიპით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა მკვეთრად არის გაზრდილი, ყველაზე ეფექტური გზა გრიპის ვაქცინაციაა" - როგორია ექიმების რეკომენდაციები

მომატებული რესპირატორული ინფექციები ბოლო ერთ კვირაში - სეზონური ვირუსების გამო, მიმართვიანობა გაზრდილია სამედიცინო დაწესებულებებშიც, თუმცა საავადმყოფოებში, ამ ეტაპზე, ადგილების პრობლემა არ არის. ქვეყანაში, ძირითადად, A ტიპის ვირუსები ცირკულირებს. ლაბორატორიულად დადასტურებული ნიმუშების უმეტესობა H1N1-ია.

სპეციალისტების შეფასებით, H1N1 პანდემიურ სახეს ვერ მიიღებს. გრიპი, ყველაზე რთულად, 5 წლამდე ბავშვებში მიმდინარეობს. ის მარტივად გადამდებია და რთულდება სხვადასხვა თანმდევი ქრონიკული დაავადების შემთხვევაში.

იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხეიძე აცხადებს, რომ გრიპის ვირუსის გაზრდილი მაჩვენებელი სავარაუდოდ თვის ბოლომდე გაგრძელდება.

"დომინანტურია გრიპის ვირუსი, რაც აისახა კიდეც მომართვიანობის გაზრდაზე და გრიპით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა პედიატრიულ კლინიკებში მკვეთრად არის გაზრდილი. თუმცა, თუ შევადარებთ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდს, პირიქით, წლევანდელი წელი ნაკლებად გამოირჩევა გრიპისა და გრიპის მაგვარი შემთხვევების რაოდენობით.

ახლა არის მატების შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა და სავარაუდოდ, იანვრის ბოლომდე ასეთი აქტიურობა, გრიპის მხრივ, იქნება შენარჩუნებული.

ყველაზე ეფექტურია ვაქცინაცია და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ყველაზე იდეალური პერიოდი ოქტომბერი და ნოემბრის პირველი ნახევარია. ეს არის ის დროს, როდესაც გაკეთებული გრიპის ვაქცინა უკვე მთელი გრიპის სეზონის განმავლობაში გვიცავს.

რეკომენდაციები ზუსტად ისეთივეა, როგორიც ჩვენ გვქონდა კორონავირუსამდე პერიოდში და კორონავირუსის დროს," - აღნიშნა ივანე ჩხეიძემ.

ამასთან, ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტი მეგი კობახიძე განმარტავს, რომ, ამ ეტაპზე, ყველაზე მეტად გავრცელებულია H1N1-ის შტამი. ინფექციონისტის თქმითვე, მოთხოვნა სტაციონარიზაციაზე გაზრდილია.

"ძირითადად, ამ ეტაპზე, ყველაზე უფრო გავრცელებული, ყველაზე მეტად ცირკულირებს H1N1-ის შტამი, რომელიც მიდის მაღალი ინტოქსიკაციით, ცხელებით, თავის ტკივილით, ხველით და თუ ის პაციენტები, ვინც არიან ქრონიკული დაავადებების მატარებელნი, მათთან გართულების რისკი არის უფრო მეტი.

მოთხოვნა გაზრდილია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ არ არის ამ შემთხვევაში ადგილები. ვინც მოდის, ვისაც სჭირდება რეალურად სტაციონარიზაცია, მათი მომსახურება აბსოლუტურად გამართულად არის შესრულებადი," - აცხადებს მეგი კობახიძე.

დღის ამბები