29 სექტემბერი 2024,   05:36
ვრცლად
დახურული სივრცეების ხშირი ვენტილაცია, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე, დროული კონსულტაცია ექიმთან და იზოლაცია - რას ურჩევენ ექიმები მოსახლეობას სეზონური ვირუსების გავრცელების გამო

სეზონური ვირუსების გამო, სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა გაზრდილია. ქვეყანაში, ძირითადად ”ა” ტიპის ვირუსები ცირკულირებს. ვირუსის სიმპტომებად ექიმები მაღალ ტემპერატურას, თავისა და სახსრების ძლიერ ტკივილს და მკვეთრად გამოხატულ სისუსტეს ასახელებენ.

"მიმდინარე პერიოდში, ქვეყანაში აღინიშნება რესპირაციული სიმპტომებით მიმდინარე დაავადებების სეზონური მატება, რაც ყოველ სეზონზეა მოსალოდნელი. ამჟამად, არ არის განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი მატება და არ აღინიშნება ეპიდემია, ქვეყანაში არსებობს ეფექტური ვაქცინები, როგორც კოვიდისთვის, ისე, განსაკუთრებით, გრიპის ვირუსისთვის. ხელმისაწვდომია მაღალი ხარისხის ვაქცინა. შესაბამისად, რეკომენდაციები ელევა ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აღენიშნება მაღალი რისკები", - აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი.

მედიკოსები საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისა და ვაქცინის გაკეთებისაკენ მოუწოდებენ.

"სეზონური ვირუსებია. ეს ბუნებრივ ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა, მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, შესაძლებელია პრევენციული ღონისძიებების გატარება. მნიშვნელოვანია დახურული სივრცეების ხშირი ვენტილაცია, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე, დროული კონსულტაცია ექიმთან და იზოლაცია. მნიშვნელოვან ეფექტურ ფაქტორს, მაინც, ვაქცინაცია წარმოადგენს, რომელიც კვლავ ხელმისაწვდომია და შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან", - აღნიშნავს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი ნათია გორდაძე.

დღის ამბები