08 დეკემბერი 2024,   10:05
ვრცლად
ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთთან, თუმცა არსებობს ძალიან დიდი სივრცე, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს - ამისთვის ჩვენი მხრიდან მაქსიმუმი გაკეთდება - კობახიძე

„ქართული ოცნების“ დელეგაცია, ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით, ჩინეთში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს დელეგაციის წევრები ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდნენ. ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუმარტა რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე.

„საუბარი გვქონდა ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩინეთსა და საქართველოს შორის. რა თქმა უნდა, ამ თანამშრომლობის საპარლამენტო განზომილებაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. საუბარი გვქონდა როგორც პოლიტიკური კუთხით თანამშრომლობაზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე. თანამშრომლობის ყველა განზომილება არის თანაბრად მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ჩვენ შევეხეთ აბსოლუტურად ყველა მიმართულებას და გამოითქვა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისა და იმ პროცესის მიმართ, რომელიც არის დაკავშირებული ამ თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ჩინეთთან უკვე აქვს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, თუმცა როგორც კობახიძემ აღნიშნა, არსებობს ძალიან დიდი სივრცე, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.

„პირველ რიგში პოლიტიკური თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ იცით, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს სუვერენიტეტს. ასევე, ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთიანი ჩინეთის პრინციპს და ამასთან დაკავშირებით დღეს მთავრობის საგანგებო განცხადებაც გავრცელდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაღრმავდეს ეს ურთიერთობები, რომლებიც არის ჩამოყალიბებული ხელისუფლებებს შორის, მმართველ პარტიებს შორი და მათ შორის, ამას ემსახურება ის ვიზიტი, რომელიც ახლა ხორციელდება ჩინეთში. ეკონომიკური განზომილებაც არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთთან, თუმცა არსებობს ძალიან დიდი სივრცე, რომ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. ამისთვისაც, რა თქმა უნდა, მაქსიმუმი გაკეთდება ჩვენი მხრიდან“, - აღნიშნა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 14 იანვრიდან 20 იანვრამდე გაგრძელდება.

დღის ამბები