შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან, საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან და გავლენიან ბიზნესმენებთან - მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს არაერთი ორმხრივი მოლაპარაკება აქვს დაგეგმილი. ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში სიტყვით გამოვა პანელურ დისკუსიებზეც. შვეიცარიის სამთო კურორტზე მსოფლიოს 54-ე ეკონომიკური ფორუმი ოფიციალურად უკვე გაიხსნა. დავოსი 3000 სტუმარს მასპინძლობს, რომელთაგანაც 60 სახელმწიფო ლიდერია.
მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ეკონომიკურ საკითხებთან ერთად იმ პრობლემებსაც განიხილავენ, რომლის წინაშეც ყველა სახელმწიფო თანაბრად დგას. ერთმანეთის ნდობა დაასახელა ამ პრობლემის გადაჭრის აუცილებელ წინაპირობად დავოსის ფორუმის დამფუძნებელმა.
როგორ უნდა გაზარდონ სახელმწიფოებმა ერთმანეთის მიმართ ნდობა - ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს 5 პუნქტიანი წინადადება შესთავაზა. ლი ციანის თქმით, ამ გამოწვევებთან გამკლავება მშვიდობით და სტაბილურობითაა შესაძლებელი.
რუსეთის აგრესია უკრაინაში, მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემაა. დავოსში შეკრებილებს დღეს უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა. ევროპელი ლიდერები კი აცხადებენ, რომ ოფიციალური კიევის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანეს საკითხად რჩება.
უკრაინის საკითხის პარალელურად, დავოსში აქტიურად განიხილება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი. ევროპელი ლიდერების შეფასებით, ახლა მთავარია ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის არსებული დაპირისპირება რეგიონში არ გავრცელდეს.
შვეიცარიის სამთო კურორტზე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი კვირის ბოლომდე გაგრძელდება.