ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორმა გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში, რიჩარდ ნევიუმ, საქართველოში ვიზიტი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო. განიხილეს ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გამოწვევები.
"ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, რამდენად ეფექტური არის ის მოდელი და ის სისტემა, რომელიც კორუფციასთან ბრძოლისთვის შეიქმნა საქართველოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საგამოძიებო ფუნქცია, რომელიც უნდა დაემატოს ანტიკორუფციულ ბიუროს, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი სამომავლოდ. ეს არის რეკომენდაცია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მივაწოდეთ ინფორმაცია კოლეგებს ზუსტად ამ საკითხებზე, თუ რა არის ჩვენი საქმიანობის სფერო ამ მხრივ," - აცხადებს "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი.
დღესვე დაგეგმილია შეხვედრები ხელისუფლების, ანტიკორუფციული ინსტიტუტების და საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებთან.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება.