დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰანკე ბრუინს სლოტთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ პარტნიორობას და ნიდერლანდების მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპის საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც დამატებით სტიმულს აძლევს ქვეყანას რეფორმების გასაგრძელებლად, ევროპული მომავლის უზრუნველყოფისთვის. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ აღნიშნული მიმართულებით და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს შემდგომი პროგრესისთვის.
ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე საუბრისას დადებითად შეფასდა მაღალი დონის შეხვედრების მზარდი დინამიკა და თანამშრომლობა როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მზარდ ტენდენციაზე, საქართველოში ნიდერლანდების მხრიდან ინვესტიციების დადებით პოტენციალზე.
მინისტრებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და ამ მხრივ საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.