16 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
მე მექნებოდა იდეა, რომ გამოვაცხადოთ შაბათობა და მთელი ქალაქი წავიდეთ ერთ დღეს წერეთლის გასარემონტებლად - იაგო ხვიჩია

კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ოპონენტები გააკრიტიკა და თქვა, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები წერეთლის გამზირის თემით მანიპულირებას ცდილობენ.

ოპოზიციის ნაწილი კი, გამოძიებას ითხოვს. 

"კალაძის კორუფციულმა დანაშაულმა აატალახა მთელი დიდუბე და წერეთლის გამზირი. ამაზე გამოძიება უნდა დაიწყოს. თუ ვინმეს უნდა შეუწყვიტონ ხელშეკრულება, თბილისელებმა ხელშეკრულება კახა კალაძეს და "ქართულ ოცნებას" უნდა შეუწყვიტონ," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩიას კი იდეა აქვს, მთელი ქალაქი ჩაერთოს წერეთლის რეაბილიტაციაში. 

"მე მექნებოდა იდეა, რომ გამოვაცხადოთ შაბათობა და მთელი ქალაქი წავიდეთ ერთ დღეს წერეთლის გასარემონტებლად. მე ერთადერთი ვიცი, რომ ვერ დავდივართ წერეთელზე და მინდა ეს პროცესი მალე მორჩეს. მე ადამიანების იმედი უფრო მაქვს, ვიდრე სახელმწიფო უწყებების," - აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

წერეთლის გამზირზე 4-მა ახალმა კომპანიამ მუშაობა უკვე დაიწყო. "ენკო", "პარმა", "ჯეო გრუპი" და "ბლექ სი გრუპი" პროექტს დაასრულებენ. დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, წერეთელზე მოძრაობა იანვრის ბოლოს აღდგება და მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტმა 2 კომპანიასთან ხელშეკრულება გააუქმა, პროექტი დათქმულ ვადებში შესრულდება. პარალელურად, მერია შესყიდვების სააგენტოს მიმართავს, ორივე კომპანია შავ სიაში შეიყვანოს. მათ მერიის მიერ დაკისრებული ჯარიმების გადახდა მოუწევთ. 

დღის ამბები