ევროკომისია თებერვალში გამოაქვეყნებს შიდა რეფორმების გეგმას, რომელმაც ევროკავშირი ახალი წევრების მისაღებად უნდა მოამზადოს,- ამის შესახებ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა დეკემბერში საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, მათ შორის, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.
"ჩვენ დავიწყებთ მუშაობს ჩვენს საკუთარ რეფორმებზე, რათა მოვამზადოთ კავშირი 30-ზე მეტი წევრი სახელმწიფოსთვის. ევროპული საბჭოს ბოლო სხდომაზე ჩვენ ასევე შევთანხმდით, დავიწყოთ მოლაპარაკებები მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, როდესაც აუცილებელი კრიტერიუმები დაკმაყოფილებული იქნება. ჩვენ მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს და დავადასტურეთ ჩვენი კოლექტიური ვალდებულება მომავლისადმი, რომელშიც დასავლეთ ბალკანეთის ექვსივე პარტნიორი ქვეყანა ჩვენი კავშირის ნაწილია. პრაქტიკაში როგორ იმუშავებს 30-ზე მეტი ქვეყნისგან შემდგარი კავშირი? მხოლოდ ჩვენ, ევროკავშირის შიგნით შეგვიძლია, ვუპასუხოთ ამ კითხვას. ევროპარლამენტმა უკვე წარადგინა ჩვენი ხელშეკრულებების რეფორმირების თამამი იდეები. მომავალ თვეში ევროკომისია წარადგენს ჩვენს იდეებს ლიდერების მოლაპარაკებების წინ. ბოლო ევროპულმა საბჭომ გამოავლინა პოლიტიკური ნება, დადგეს უკრაინის გვერდით იმდენი ხანი, რაც დასჭირდება. მაგრამ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ადეკვატური დაფინანსებით უნდა დავუჭიროთ მხარი," - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ევროკავშირის სამიტი პირველ თებერვალს გაიმართება.