საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორ რიჩარდ ნეფიუს შეხვდა.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე ალექსი ბატიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა კორუფციის შესახებ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიცია და სამსახურის ანგარიშვალდებულებებზე, ანტიკორუფციული სააგენტოს ფუნქციებზე, მის მიერ გაწეულ საქმიანობასა და ანტიკორუფციული მიმართულებით დანერგილ სიახლეებზე ისაუბრა.
"ალექსი ბატიაშვილმა და რიჩარდ ნეფიუმ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები და გამოწვევები განიხილეს და მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის ინიციატივებზე ისაუბრეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა იმ ძალისხმევისთვის, რაც პარტნიორებმა სამსახურის დაარსების დღიდან გაწიეს ანტიკორუფციულ საკითხებში თანამშრომელთა შესაძლებლობების განვითარებისთვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი შოთა რიჟამაძე, სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ნანა ბერიძე, გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის რეგიონული გუნდის ხელმძღვანელი კრის ფრესონკე და აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) დირექტორი სარა რუპერტი,"- ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.