16 ნოემბერი 2024,   03:00
ვრცლად
დღეს რომ არჩევნები იყოს, "ქართული ოცნება", სულ მცირე, 60%-ს აიღებდა - არ ვნერვიულობთ, თუმცა ვემზადებით მაქსიმალური შედეგისთვის, რომელიც სჭირდება ქვეყანასა და ხალხს - პრემიერი

დღეს რომ არჩევნები იყოს, "ქართული ოცნება", სულ მცირე, 60%-ს აიღებდა. არ ვნერვიულობთ, თუმცა ვემზადებით მაქსიმალური შედეგისთვის, რომელიც სჭირდება ქვეყანასა და ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ისაუბრა.

პრემიერის თქმით, მთავარია, ქვეყანაში გაგრძელდეს მშვიდობა, სტაბილურობა და სწრაფი ეკონომიკური განვითარება.

"დღეს რომ არჩევნები იყოს, "ქართული ოცნება", სულ მცირე, 60%-ს აიღებდა. ჩვენ არჩევნებზე არ ვნერვიულობთ, თუმცა ვემზადებით, რომ მივიღოთ მაქსიმალური შედეგი, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ისევ ჩვენს ხალხს, რათა გაგრძელდეს ეს მშვიდობა, სტაბილურობა და სწრაფი ეკონომიკური განვითარება", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს ოპონენტების გეგმებს არჩევნებისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს და იცის, ვის რა წარსული აქვს. 

"რაც შეეხება ჩვენს ხელმოცარულ ოპოზიციასა და მათ უსუსურ მცდელობას, რაღაც ახალი შესთავაზონ საზოგადოებას, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ყველაფერი არის სიცრუე. ეს არის ტყუილი და ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს და იცის, ვის რა წარსული აქვს. [მოქალაქეებმა] კარგად იციან, რომ არავითარი მესამე ძალა არ არსებობს დღეს ქვეყანაში. არსებობს ჩვენი პოლიტიკური ძალა და, საბოლოო ჯამში კი, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მოწინააღმდეგე ძალა – "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ან "ახალი ნაციონალური მოძრაობა". მაგალითად, როგორიცაა ხაზარაძის გაერთიანება, ან სხვა პატარა ლუზერების, რომლებიც ცდილობენ, გაერთიანდნენ და ასე გადალახონ 5-პროცენტიანი ბარიერი.

ჩემთვის ნამდვილად არ არის საინტერესო ოპოზიციის, მით უმეტეს, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ოპოზიციის მცდელობები. მთავარი ჩემთვის არის ის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები