01 ივლისი 2024,   14:37
ვრცლად
ქართული ეკლესია 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს - სამების საკათედრო ტაძარში, მრევლი წყალკურთხევის მსახურებას შეუერთდა

დღესასწაული, რომელიც იოანე ნათლისმცემლის მიერ მდინარე იორდანეში იესო ქრისტეს ნათლობის ეპიზოდს აღნიშნავს, მორწმუნეებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის შემდეგ, მრევლი წყალკურთხევის მსახურებას შეუერთდა. ნაკურთხი წყალი, რომლის გამოყენებაც მთელი წელი შეეძლებათ, დღეს, მორწმუნეებმა ადგილზევე მიიღეს. მოისმინეს პატრიარქის მოსაყდრის ქადაგებაც. მეუფე შიომ დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ნათლობა ცოდვების მოსატევებლადაა - მათი დაძლევა კი, ღმერთის დახმარების გარეშე შეუძლებელია.

ნათლისღება ტრადიციულად აღნიშნეს ბათუმშიც. ტრადიცია, რომლის მიხედვითაც სასულიერო პირები ზღვის წყალს აკურთხებენ, 30 წელს ითვლის. მორწმუნეები ზუსტად ღამის 12 საათზე რიტუალს უერთდებიან და ზღვაში შედიან.

ტრადიციულად ზეიმობენ ახალციხეშიც. სოფელ მინაძეში მტკვარი ყოველწლიურად იკურთხება. განბანის რიტუალი, ცოდვების მიტევების სიმბოლოა. წელს, დღესასწაულის აღსანიშნად 200-მდე მორწმუნე შეიკრიბა.

მართლმადიდებელი ქრისტიანები ნათლისღებას 19 იანვარს აღნიშნავენ. დღესასწაული ყოველ წელს აღინიშნება მდინარე იორდანეზეც, ადგილზე, სადაც იესო ქრისტე მოინათლა.

დღის ამბები