16 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
ევროპის თავდაცვითი გეგმა აქტიურ ფაზაში გადადის - ნატოს მასშტაბური წვრთნების დაანონსების შემდეგ, რუსეთის საზღვრებთან თავდაცვითი ხაზის მშენებლობას უკვე ბალტიის ქვეყნები იწყებენ

ევროპის თავდაცვითი გეგმა აქტიურ ფაზაში გადადის. ნატოს მასშტაბური წვრთნების დაანონსების შემდეგ, რუსეთის საზღვრებთან თავდაცვითი ხაზის მშენებლობას ახლა უკვე ბალტიის ქვეყნები იწყებენ. ასობით ბუნკერს რუსი სამხედროები ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის მახლობლად მალე დაინახავენ. პროცედურები უკვე დაწყებულია, გათვლა 2025 წელზე კეთდება. მიზანი, სამხედრო საფრთხის შეკავება და უარესი სცენარისთვის მზადებაა.

ფრონტის ხაზი უცვლელია, თუმცა დასავლეთი შიშობს, რომ შესაძლოა ის გაფართოვდეს. პუტინის სახიფათო განცხადებებზე და უკრაინის სამწუხარო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ბალტიის ქვეყნები უარესი სცენარისთვის მზადებას იწყებენ. სწორედ ამიტომაა, რომ ესტონეთის, ლიეტუვასა და ლატვიის თავდაცვის მინისტრებმა ნატოს გეგმის მიხედვით, რუსეთის საზღვართან თავდაცვითი ხაზის მშენებლობას მოაწერეს ხელი.

რიგაში შეკრებილებს ესმით, რომ აგრესიული მეზობლის პირობებში ყველაფრისთვის მზად უნდა იყვნენ. სამუშაოების პირველი ეტაპი დაწყებულია და იგი მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს გულისხმობს იმ მიწების თაობაზე, რომლებზეც მხოლოდ ესტონეთი 600 ბუნკერის მშენებლობას გეგმავს, რაც ტალინის გამოთვლებით, 60 მილიონი ევრო უნდა დაჯდეს. ანალოგიურ ზომებს მიმართავს ლატვიაც და ლიეტუვაც.

თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე მუშაობას განაგრძობენ რუსეთის სხვა მეზობლებიც. ახლა უკვე ნატოს წევრ ფინეთს რუსეთთან საზღვარი ჩაკეტილი აქვს და 24/7-ზე აკვირდება მოსკოვის მოქმედებებს.

მეზობელი შვედეთისგან განსხვავებით, რომელსაც ნატოს წევრობამდე ბოლო ნაბიჯებიღა რჩება, ფინეთში აქტიურ საფრთხეს ჯერ ვერ ხედავენ.

დასავლელი ექსპერტები თვლიან, რომ მიუხედავად უკრაინასთან ომში რუსეთის შეტევითი პოტენციალის ნაკლებობისა, მას აქვს უნარი აღიდგინოს ძალები 2-3 წლის ვადაში. ზოგს უფრო ოპტიმისტური მოლოდინები აქვს და 5-8 წლის მანძილზე ელის რუსეთისგან ესკალაციის მცდელობებს, ასეა მაგალითად ბერლინში. ზოგი კი ფიქრობს, რომ რუსეთი უკვე ეწევა ესკალაციას და რუსეთში მოახლოებული არჩევნების პირობებში საფრთხის გამორიცხვა არცერთ დღეს არ შეიძლება.

უარესი სცენარისთვის მზადებაზე ნატოს მადრიდის სამიტზე შეთანხმდა, რომელიც უკრაინაზე განხორციელებული რუსული აგრესიის შემდეგ ნატოელების პირველი შეკრება იყო, თავდაცვითი გეგმა შარშან ვილნიუსის სამიტზე გამყარდა და ყოველდღიურად იხვეწება. სწორედ მისი ნაწილია მომდევნო კვირისთვის დაანონსებული ნატოს სამხედრო წვრთნები "მტკიცე დამცველი 2024", რომელიც უპრეცედენტო მასშტაბებზე გადის და 90 000 სამხედრო მოსამსახურით ცივი ომის შემდგომ ყველაზე ფართო სწავლებაა.

დღის ამბები