19 სექტემბერი 2024,   04:15
ვრცლად
ვეგეტარიანელობა და ვეგანობა - ცხოვრების წესი, მსოფლმხედველობა თუ უბრალოდ ეთიკური გადაწყვეტილება?

ვეგეტარიანელობა და ვეგანობა - ცხოვრების წესი, მსოფლმხედველობა თუ უბრალოდ ეთიკური გადაწყვეტილება? ცხოველურ პროდუქტებზე უარის თქმას ადამიანები განსხვავებულად ხსნიან. თუ საზოგადოების ერთი ნაწილისთვის ხორცი ცილების მიღების მთავარი საშუალებაა, მეორე ნაწილი ამ საშუალებას არ იყენებს და ხორცს სხვა პროდუქტებით ანაცვლებს. თუმცა, საინტერესოა, შესაძლებელია თუ არა საკმარისი ცილების მიღება ხორცპროდუქტების გარეშე?

ხორცპროდუქტებზე უარს, ხშირად, მოზარდებიც ამბობენ - ეს, შესაძლოა, მიმბაძველობით ან საკუთარი სურვილითაც მოხდეს. ნუტრიციოლოგები ამბობენ, რომ, ვეგანი ან ვეგეტარიანელი ბავშვებისა და მოზარდების შემთხვევაში, აუცილებელია დაბალანსებული და ჯანსაღი კვება, რათა მათ ყველა საჭირო ვიტამინი მიიღონ.

რას ნიშნავს ჯანსაღი კვება და რა პროდუქტები უნდა შედიოდეს ბავშვისა და მოზარდის ყოველდღიურ რაციონში, რას გვირჩევენ სპეციალისტები - სალომე კალანდაძის ვეგანური თავგადასავალი დაახლოებით 7 წლის წინ დაიწყო, თავდაპირველად უარი მხოლოდ ხორცზე თქვა, შემდეგ - რძის პროდუქტებზე, დღეს უკვე უმი ვეგანია. დაემშვიდობა ღუმელს, ტაფას, ქვაბს და მიირთმევს მხოლოდ თერმულად დაუმუშავებელ მცენარეულ საკვებს.

ყოველდღიური რაციონი შედგენილი აქვს, დღეში მინიმუმ 3-ჯერ იკვებება, უმი ვეგანების საკვები კი არც ისე იაფია - სასურველი კერძების მომზადება თვეში საშუალოდ 4 ათასი ლარი უჯდება.

სალომეს უმცროსი შვილიც, 5 წლის სოფიო, ვეგანია. ვეგანიზმის შესახებ ინფორმაცია დედისგან მიიღო, მიბაძა და ახლა მხოლოდ მცენარეული საკვებით იკვებება, კვების რაციონიდან ხორცპროდუქტები ამოიღეს სოფიოს არასრულწლოვანმა ძმებმაც.

ვეგანები უარს ამბობენ წამლებზეც, თუმცა ლაზარეს, გაბრიელისა და სოფიოს მშობელი, საჭიროების შემთხვევაში, გამონაკლისს უშვებს.

მეორე ოჯახში კი ყველაფერი განსხვავებულადაა - ოანესა და დათუნას დედა ვეგეტარიანელია, პატარების საყვარელი საჭმელი კი მწვადი და ხინკალია. მოზარდების კვირის რაციონში მინიმუმ სამჯერ არის ხორცი. უყვართ ბოსტნეულიც და რძის პროდუქტებიც.

გადაწყვეტილება, რომ ვეგეტარიანელი გამხდარიყო, ნანიკო გორგოძემ დამოუკიდებლად მიიღო, ამიტომ შვილებსაც თავისუფლებას აძლევს, თუმცა ცხოველების სიყვარულს ბავშვობიდან ასწავლის. ოჯახში 5 კატა და 5 ძაღლი ჰყავთ.

ხორცი, ხილი, ბოსტნეული, თუ რძის პროდუქტები - მოზარდებისა და ბავშვების ზრდა-განვითარებაში ყველა პროდუქტს თავისი როლი აქვს, ვინაიდან ბავშვები საჭირო მიკროელემენტებს სწორედ საკვები პროდუქტებიდან იღებენ. იმ შემთხვევაში, თუ მოზარდმა ვეგანობა ან ვეგეტარიანელობა გადაწყვიტა, საჭიროა დაბალანსებული კვება და ხშირი სამედიცინო კონტროლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიტამინების ნაკლებობა მოზარდის ზრდა-განვითარებას შეაფერხებს.

დაბალანსებული კვება აუცილებელია ვეგანი ან ვეგეტარიანელი ორსულების შემთხვევაშიც. თუ ორსული საჭირო ვიტამინებს საკვები პროდუქტებით ვერ იღებს, საჭირო ხდება მისი მედიკამენტებით ჩანაცვლება.

ვეგეტარიანელობა და ვეგანობა მსოფლიოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მილიონობით ადამიანმა უკვე უარი თქვა ხორცის მიღებაზე. ძირითად შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ცხოველებისადმი სიყვარულია, ზოგ შემთხვევაში კი - ჯანსაღი ცხოვრების წესი. თუმცა, ასეთი გადაწყვეტილების მიღებამდე, ადამიანები კარგად უნდა იცნობდნენ საკუთარ ორგანიზმს და საკვებ პროდუქტებსაც.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები