ბერლინში, სურსათისა და სოფლის მეურნეობის გლობალური ფორუმის გახსნის ღონისძიებასა და ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მონაწილეობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიიღო.
შეხვედრას 60-ზე მეტი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრები და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი დონის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, თენგიზ ნასარიძის განცხადებით, შეკრებილებმა სფეროს განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
მისივე თქმით, გაფორმდა შესაბამისი კომუნიკეც.
"მიღებულია მნიშვნელოვანი კომუნიკე, რომელიც ყველა მნიშვნელოვან ასპექტს მოიცავს, რომელიც არსებობს მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევების კუთხით. გავმართეთ არაერთი შეხვედრა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სოფლის მეურნეობის სამინისტროების ხელმძღვანელებთან, ასევე მნიშვნელოვანი სამუშაო დისკუსიები გაიმართა გერმანული ფედერაციული რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მონაწილეობით ", - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.